ვლადიმირ სოროკინი

მოსკოვი ხმაურიანი, არაადამიანური ცხოვრების ტემპით დამძიმებული~ დიდი ქალაქია. ვიცი, რომ ამით ფრიად საინტერესო არც არაფერი მითქვამს, მაგრამ მაინც. ეს მოსკოვის ჩემეული აღქმაა და მეტი არაფერი. პირველი შთაბეჭდილება არც ისე სასიამოვნო იყო. არა, მოსკოვის კი არა, მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სკანდალური მწერლის, ვლადიმირ სოროკინის. შეიძლება ჩემი ბრალიცაა, მისი პროზის გასაცნობად ხომ მაინცდამაინც რომანიოთხთა გულები~ ავირჩიე; თუმცა მერე თვითონვე მითხრა: ეგ ხომ მთელ ჩემს ქმნილებებში ყველაზე უფრო სასტიკი და დაუნდობელი რომანიაო~. ეს ის შემთხვევაა, როცა წაიკითხავ ერთ ფურცელს და დაბნეული სახით დახურვა გინდება. ხურავ კიდეც. აკეთებ პაუზას. მერე ისევ შლი წიგნს და აგრძელებ. ისევ ხურავ. აღარ იცი, გინდა თუ არა გაგრძელება. მსგავსი სისასტიკე და ძალადობა, მგონი, ეკრანზეც კი არ მინახავს; ან, უბრალოდ, ეკრანისას შევეჩვიე. წიგნში კი... სადღაც იმასაც კი მოვკარი ყური, ვიღაცა მარკიზ დე სადს რომ ადარებდა; რუსული პორნოგრაფიისმამა~ რომ უწოდეს; მის წინააღმდეგ უამრავი სასამართლო პროცესი რომ დაიწყო; მერე კი, დიდი თეატრის წინ, მთელი მისი ლიტერატურა ერთ დიდ მთასავით რომ დაყარეს და ხმამაღალი, აგრესიული შეძახილებით, დაუნდობლად მისცეს ცეცხლს. ხოლო როცა მოსკოვის დიდი თეატრისთვის ლიბრეტოს დაწერა შესთავაზეს, განრისხებულმა ოპოზიციურმა დაჯგუფებამ ”Идущие вместе” არაერთხელ ატეხა განგაში. ~ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, რომ თეატრში ბომბი შევიტანეთ და აბა თუ ვაჟკაცები ხართ, მიდით, გაბედეთ შესვლაო!~; პარალელურად კი, დიდი რუსეთის დუმა~ თეატრში სოროკინის შეშვება-არშეშვებაზე, ლიბრეტოს ავტორობის უფლების ჩამორთმევა-მიცემაზე მსჯელობდა. თუმცა... შევიდნენ, დადგეს ოპერაროზენტალის შვილები~ და პრემიერა ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ ის საუკუნის ყველაზე გახმაურებულ და ტრიუმფალურ წარმოდგენად შერაცხეს. მაგრამ ამაზე მოგვიანებით, მანამდე კი:

ვლადიმირ სოროკინი

_ დაიბადა 1955 წლის 7 აგვისტოს;
_ სწავლობდა მოსკოვის ნავთობისა და გაზის ინსტიტუტში, ინჟინერია-მექანიკის ფაკულტეტზე;
_ 1985 წელს პარიზში, გამომცემლობა სინტაქსისში~ აქვეყნებს თავის პირველ რომანსრიგი~; ამას მოჰყვება რომანები ნორმა~,ოთხთა გულები~, რომანი~,ცისფერი სალო~, ყინული~... _ არის მრავალი მოთხრობის ავტორი; _ დაწერილი აქვს 10-მდე პიესა; _ კინოსცენარები ფილმებისთვის: მოსკოვი~(რეჟ: ა. ზელდოვიჩი);
”Cashfire” (რეჟ: ა. ზელდოვიჩი);
”Копейка”(რეჟ: ი. დიხოვიჩნი);
ნივთი~ (რეჟ: ი. დიხოვიჩნი); 4~ (რეჟ: ი. ხრჟანოვსკი);
_ დიდი თეატრისთვის, ლ. დესიატნიკოვის მუსიკაზე დაწერა ლიბრეტო `როზენტალის შვილები~;
მისი წიგნები თარგმნილია: ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ჰოლანდიურ, ფინურ, შვედურ, იტალიურ, პოლონურ, იაპონურ და კორეულ ენებზე;
ჰყავს მეუღლე, ტყუპი ქალიშვილები და ძაღლი _ სავა.

`მე არ ვარ მწერალი, რადგან, რუსული ტრადიციით, მწერალი _ მასწავლებელი, წინასწარმეტყველი და დისიდენტია. ვიმეორებ _ არ ვარ მწერალი, რადგან არ ვარ მასწავლებელი. ვინაიდან და რადგანაც ვთვლი, რომ ლიტერატურა არაფერს ასწავლის.~
ვ.ს.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი საქმიანობისთვის აბსოლუტურად შეუფერებელ ფაკულტეტზე სწავლობდა, ამას სრულებითაც არ თვლის დიდ დანაკლისად. შეეძლო ესწავლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიტერატურის, ანდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე; სინამდვილეში კი, ნავთობის და გაზის ინსტიტუტში ინჟინერ-მექანიკოსის ხელო(ვნე)ბას ეუფლებოდა:
~არცერთი წელი არ მიმუშავია ჩემი სპეციალობით. ხომ იცით, მაშინ რა დრო იყო? შენს მაგივრად ყველაფერს სახელმწიფო წყვეტდა. მართალი გითხრათ, იმ ფაკულტეტზე ჩემი ჩაბარების ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ მთავრობას ჯარში არ გავეწვიე. მაგრამ, გულახდილად გეუბნები, ვთვლი, რომ იქ მიღებული გამოცდილება იმაზე მეტად დამეხმარა, ვიდრე ამის წარმოდგენას შეძლებ: გეომეტრია, მანქანის კონსტრუქცია _ ძალინ დამეხმარა. მწერალი, თავისი არსით, ხომ სწორედ კონსტრუქტორი, მშენებელია~.
მშენებლობის პროცესი ყველასთან სხვადასხვაა. ვლადიმირთან კი:
მე, პირველ რიგში, ჩემთვის ვწერ! და მერე უკვე მკითხველისთვის. ამ პროცესის რაიმესთან შედარება შეუძლებელია. ეს შემოქმედების თავისებური მეთოდია, გადაძახილია ღმერთთან! აბა, შენც ხომ ახალ, საკუთარ სამყაროს ჰქმნი! იმ მომენტში უკაცრიელ კუნძულზე ხარ, ოღონდ არა როგორც მწერალი, არამედ როგორც არქიტექტორი და რაღაცას აშენებ: მღვიმეებს, ხომალდებს... ნოეს კიდობანს. მერე კი უშვებ შენს ქმნილებას წყალში და ის ნელ-ნელა გშორდება. ახლა უკვე სხვა სიცოცხლით, შენგან დამოუკიდებლად უნდა იცხოვროს. მეც ვემშვიდობები. მალე მიაღწევს ნაპირს _ მკითხველს. აქ ჩემთვის მთავარია, რომ ის მიცურდეს და გზად არ ჩაიძიროს. როგორ მიიღებს მას ნაპირი... ეს მეორეხარისხოვანია.~ მისი ნაწარმოებები ყოველთვის აღწევენ ნაპირს, თუმცა ახალი ხომალდის, ახალი სამყაროს აღქმა და შეცნობა საკმაოდ განსხვავებული, ზოგჯერ კი ზედმეტად რადიკალურია: ამ რეაქციას დიდი მნიშვნელობა არა აქვს; ანუ მე მასზე არ ვარ დამოკიდებული. მნიშვნელოვანია ჭკვიანი, გულახდილი ადამიანის აზრი და არა კრიტიკოსის, ცნობილი ფილოლოგისა, რომელსაც ბევრი წიგნი აქვს წაკითხული და ჩემს შემეცნებას იმ წაკითხულის მიღმა ცდილობს. უფრო ძვირფასია ფართოდ თვალებგახელილი, აღქმის უნარის მქონე ხალხის აზრი, ვიდრე იმათი…. და ის, თუ რა პროფესიის და განათლების იქნება ეს ადამიანი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს~.
მაგრამ მაინც, არსებობს ისეთი მკითხველი რომლის აზრს, რომლის დასმულ ერთ შეკითხვასაც კი, მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს შვილებია. მათ ხომ თითქმის ყველაფერი წაკითხული აქვთ, თუმცა… _ ყველაფერს ისე უყურებენ, როგორცმამიკოს სამუშაოს~.

`დღეს მას-კულტურით ვარ დაინტერესებული, რადგან სწორედ ამაშია დღევანდელი ცხოვრების გასაღები. არ მაინტერესებს და ამიტომ არ დავდივარ ლიტერატურულ კაფეებში. პირიქით, მომწონს ადგილები, სადაც მეძავები, ბანდიტები, ნარკოტიკებით მოვაჭრეები და კინოს ხალხი იკრიბებიან.~
ვ.ს.

კინო. ყველაზე დიდი გავლენა სწორედ კინომ, სახვითმა ხელოვნებამ და მუსიკამ იქონია. გაგიკვირდათ, რომელიმე რუსი ან ევროპელი მწერალი რომ არ დაასახელა? არა? ესე იგი, იცნობთ.
~მუსიკა _ ეს ისეთი რამაა, რასაც შუამავალი არ სჭირდება. მართალია, ის რაღაც ინსტრუმენტზე სრულდება, მაგრამ მას, სრულიად დამოუკიდებლად, თავშიც შეუძლია იარსებოს. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მხატვარი უნდა გამოვსულიყავი. ბევრს ვხატავდი, ინსტიტუტშიც კი. შემდეგ რაღაც პერიოდი მხატვარ-გრაფიკოსი, წიგნების გამფორმებელიც ვიყავი.
70-იანი წლების შუა პერიოდში შემთხვევით მოსკოვურ `ანდერგრაუნდში~ აღმოვჩნდი. აქ იყვნენ მხატვრები _ კაბაკოვი, ბულტოვი და სხვა უამრავი საინტერესო ადამიანი. იქ, გარეთ არსებობდა საბჭოთა კავშირი, საბჭოთა ლიტერატურა, საბჭოთა მხატვრობა. მაგრამ იყო რაღაც პარალელურიც, რაც არ იბეჭდებოდა, არ ქვეყნდებოდა… ეს პარალელური სამყარო იყო, რომელიც თავისთვის ფეთქავდა. ეს იყო თავისუფლების ერთადერთი კუნძული, რომლის შინაგანად ემიგრირებულ ხალხთან ვისწავლე _ თავისუფლება. აქ დავწერე პირველი მოთხრობა, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, ყველას მოეწონა. 1979 წელს, ამ ხალხისგან მივიღე დალოცვა.~

`მივხვდი, რომ ადამიანი _ ეს ახაგაზრდა, კოსმიური არსებაა, აბსოლუტური გონების ძალისხმევით შექმნილი. ის მუდმივად ვითარდება და იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ინტელექტუალებთან სულ სხვა შეხედულებაა მოდაში: თურმე, ნუ იტყვი, და ადამიანი, ჯერ კიდევ ეგვიპტური ხანიდან მოყოლებული, უცვლელი რჩება, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე.~
ვ.ს.

ოჯახში ძალიან უყვარდათ კითხვა. ამიტომ ბევრი წიგნი და საკმაოდ სოლიდური ბიბლიოთეკა ჰქონდათ. მამა _ რუსული, ხოლო დედა _ დასავლეთ ევროპული კლასიკური ლიტერატურის მოტრფიალე იყო. ვლადიმირის პირველი შეხება მხატვრულ ლიტერატურასთან კი ტურგენევის მონადირის მოთხრობებს~ უკავშირდება. საერთოდ, ბაბუაჩემი, ისევე როგორც ჩვენი გვარის მამაკაცები, მეტყევე იყო. ალბათ ამიტომაც, საყვარელი წიგნი სწორედ ეს იყო. სკოლაში კი… _ არა, შეიძლება თქვენც გაგიკეთებიათ ასეთი რამ, ან შეიძლება არა, არ ვიცი, _ მაგრამ ერთი დიდი გასართობი გვქონდა: ერთმანეთთან ეროტიული მოთხრობების მიმოწერა. ეს მაშინ ძალიან პოპულარული იყო და, 14 წლის ასაკში, ეს კარგად მახსოვს _ დავწერე ჩემი პირველი ეროტიული ისტორია. მოთხრობა ისეთი კარგი გამომივიდა, და, რაც მთავარია, ისე სწრაფად დავწერე, რომ შემრცხვა მეთქვა, ჩემი გამოგონილია-მეთქი და მოვიტყუე, სადღაც ამოვქექე და ინგლისურიდან ვთარგმნე-მეთქი.
მერე კი, როცა გავიზარდე და წერამ სერიოზულად გამიტაცა, მივხვდი, იმ პატარა ნამუშევარში უკვე იგრძნობოდა ჩემი ლიტერატურული ტექნიკა. მერე კი, მისი აღორძინების ხანა დაიწყო.
ჰო, სხვათა შორის, ჩემი დიდი ბაბუის ცოლი ქართველი იყო, იცოდით? ძარღვებში ყოველთვის ვგრძობდი ქართული სისხლის წვეთს. სულ მცირეს, მაგრამ მაინც. ქართული გულთბილობით, სტუმართმოყვარეობით… და რაც მთავარია, ქართულ საჭმელსაც ხშირად ვაკეთებ: საცივს, ლობიოს, მწვადს!

`ერთხელ, მართლაც დავფიქრდი იმაზე, რომ თითქმის ყველა ჩემი ნაწარმოები ძალადობაზეა. რა არის ეს, და როგორ უნდა ვიცხოვროთ ამასთან ერთად? ბავშვობაში, ყოველგვარი ძალადობის გამოვლენას რაღაც აუტანლად, ძალზედ მგრძნობიარედ განვიცდიდი; ეს იყო რაღაც, ამოუცნობი ენერგია, რომლისაც არ მესმოდა, ისევე როგორც ხალხის, რომელთაც ეს ახასიათებდა~.
ვ.ს.

ის არასდროს მეორდება; არცერთი წიგნი არ ჰგავს ერთმანეთს; ვერც ვერსად იპოვით კითხვაზე პასუხს; უბრალოდ, პასუხი არც არსებობს!
თუნდაც, მაგალითისთვის რომ ავიღოთ,ოთხთა გულები~; აქ შევეცადე გამეგო, რა არის ძალადობა?! და რატომ არ ძალუძთ ადამიანებს, გვერდი აუარონ მას?! ეს ჩემთვის საკმაოდ მტანჯველი კითხვაა. ვცდილობ, დავსვა ეს კითხვა და პასუხი… მე მას არ ვიძლევი;
ყოველი წიგნი _ ეს ახალი მოგზაურობაა ახალ, უცხო ქვეყანაში, უცხო ადამიანებთან. არიან მწერლები, რომლებიც სულ ერთ ლიტერატურულ სამყაროში ცხოვრობენ და ამით კმაყოფილებიც არიან. ასე არ შემიძლია…~.

ყველაზე მაგარი სოროკინთან არის ის, რომ მისთვის არ არსებობსარა. არ შეიძლება. ეს მიუღებელია~.
ერთგული მკითხველის ჩანაწერიდან

`ერთადერთი, რაზეც ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს დავწერ, უფრო სწორად, რისთვისაც არასდროს დავწერ _ ფულია. შეიძლება ის არ მქონდეს, რაც ხშირად ხდება, მაგრამ არასდროს დავწერ დაკვეთით. სხვა საქმეს მოვძებნი და იმით გავაკეთებ ფულს, მაგრამ არა ლიტერატურით. ეს ჩემთან ტაბუა.~

ამბავი დაობლებული გენიოსებისა ანუ `როზენტალის შვილები~

_ მთავარი მოქმედი პირნი:
_ პროფესორი როზენტალი.
_ მოცარტი.
_ ჩაიკოვსკი.
_ ვაგნერი.
_ ვერდი.
_ მუსორგსკი.
_ მეძავი ტანია.
_ მეძავი ტანიას სუტენიორი და ა.შ.

დამეთანხმებით, საკმაოდ სკანდალური რეპუტაციის მქონე ლიტერატორისთვის, ვლადიმირ სოროკინისთვის და მისი ფრიად საინტერესო მოქმედ პირთა სიის ამოკითხვის შემდეგ, რუსეთის მთავრობა არა თუ დაფიქრდა, არამედ ერთი კარგად შეაჟრჟოლა, სიცხემაც აუწია და მაშინ, როცა ტანში მტვრევაც იგრძნო, ისევ და ისევ ზემოხსენებული დაჯგუფება ”Идущие вместе” მიუსია (ალბათ რამდენი იფიქრეს ამ გენიალურ სახელზე?!).
არადა, ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შექმნის პროფესორი როზენტალი მოცარტის, ჩაიკოვსკის, ვაგნერის, ვერდის და მუსორგსკის კლონებს. მაგრამ `მამის~ გარდაცვალების შემდეგ, დაობლებული გენიოსები იძულებული ხდებიან, გარეთ გამოვიდნენ (რადგან ელცინი – ერთ-ერთი მოქმედი პერსონაჟი _ დაფინანსებას შეუწყვეტს) და მეტროს სადგურებში დაუკრან _ აი, ასე დამპლურად თავდება რუსეთში ყველაფერი. თუ გინდა, ვიღაც ვანია და თუ გინდა, მთლად მოცარტი იყავიო. (სხვათა შორის, ამ უკანასკნელის შეყვარებულს, მეძავ ტანიას ბოროტი სუტენიორი საწამლავით გამოასალმებს სიცოცხლეს; მოცარტი კი მარტო იმიტომ გადარჩება, რომ მის ორგანიზმს სალიერის დროს იმუნიტეტი გამოუმუშავებია). ესეც ასე. ცხოვრება ისეთი, როგორიც ის არის.

`სულელმა ადამიანებმა მიიღონ ისე, როგორც უნდათ. არავინაა წინააღმდეგი.
საოცრად დახვეწილი და ნატიფი საქმეა ოპერა. მასზე მუშაობა ძალიან დელიკატური, რთული და სასიამოვნო საქმეა. ოპერის დადგმა, მშვენიერ კომპოზიტორ დესიატნიკოვთან ერთად მუშაობა _ ეს უკვე დიდი წარმატებაა. როზენტალის შვილები კი იცოცხლებენ, გაიზრდებიან და ნამდვილ საოპერო გმირებად იქცევიან!
ჩვენ შევძელით იმის დამტკიცება, რომ თანამედროვე ოპერა _ ცოცხალია!~

* * * *
_ თბილისში როგორი ამინდია?
_ არის რა, დათბა. +20გრადუსი იქნება.
_ ჰო, აქაც თბება. გუშინ ისრაელიდან ჩამოვედი. იქ ხომ პაპანაქებაა, +30?!
პაუზა.
_ გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის; სამწუხაროა, რომ დროში შეზღუდულები ვიყავით.
_ აპირებთ კიდევ მოსკოვში ჩამოსვლას? აქ როგორ ვერ შეგხვდით…
_ რა ვიცი, ვნახოთ.
_ თუ ჩამოხვალთ, დამირეკეთ, გავისეირნოთ, ყავა დავლიოთ.
_ აუცილებლად. გმადლობთ კიდევ ერთხელ.
_ არაფრის.
_ ნახვამდის.
_ ნახვამდის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s