მაქსიმ მასლაკოვი

იცით თუ არა რომ:

  1. პირველი `ფლეიბოი~ ჰიუ ჰეფნერმა 1953 გამოსცა ამერიკაში;
  2. 50 წლის შემდეგ, ის ისევ მამაკაცთა ჟურნალების ერთ_ერთ საუკეთესო გამოცემლად ითვლება;
  3. დღეს, ბევრი `ფლეიბოი~-ს საოჯახო ჟურნალსაც ეძახის;
  4. რუსეთში, მისი მკითხველის 30% მანდილოსნებია;
  5. გამოდის 18 ქვეყანაში;
  6. თუ აქტიური მკითხველი არ ხართ, იცოდეთ, რომ შიშველი ქალების გარდა, აქ ბევრ საინტერესოსაც აღმოაჩენს კაცი. ქალიც. საჭირბოროტო საკითხებზე გამართულ ფორუმებს, კულინარიულ რეცეპტებს, მაფიოზურ ამბებს, ათას ჭორს და ექსკლუზიურ, სერიოზულ ინტერვიუებს.

რა დამავიწყებს იმას, როცა 8-9 წლის ასაკში ბაბუის ძმამ უცხოეთიდან ყველაზე მაგარი საყურეები ჩამომიტანა?! მართალია ყურები ჯერ გახვრეტილი არ მქონდა, მაგრამ ერთგულად ვინახავდი ძვირფასეულობების ზარდახშაში (როგორც მე ვეძახდი, და სადაც ძვირფასეულობად სპილენძის მონჯღრეული და უფრო ხშირად გაწყვეტილი სამკაული ეყარა). მანამ, სანამ არ დადგა ის განსაკუთრებული დღე, როცა დიდი ხნის ხვეწნა-მუდარის და _ აი, ქეთის დედამ ხომ გაახვრეტინა ყურებიიიიიი~;იმ ახალ სკოლაში ყველას საყურეები ეკეთაააა~-ს მერე, ჩემი ყურების ჯერიც დადგა. დეტალებზე აღარ დავწვრილმანდები და მთავარიდან _ თხრობას ამ ჩემი ყველაზე მაგარი საყურიდან გავაგრძელებ. მოკლედ, ჩამოვიკიდე ეს მაგრობები~ და მეგობრებთან, ეზოში ამაყად გავედი. აღარც მახსოვს, ალბათ წრეში ბურთის სათამაშოდ. ჩემი კონწიალა ვირისთავიანი გამოსახულების საყურე, ყველას მაშინვე მოხვდა თვალში. _ ეს რა გიკეთია? _ მეკითხება ჩემზე ოთხი წლით უფროსი ეზოელი. _ რა და ჩემი ვირები _ ვპასუხობ ჩემივე სიტყვების სიმართლეში და იმაში ღრმად დარწმუნებული, რომ ბაბუა ზურაბმა მართლამაგრობები~ მიყიდა.
_ ეგ ვირი კი არა, კურდღლის თავია!
_ ნუ, იყოს კურდღლის თავი, რა მნიშვნელობა აქვს?
_ რა და, არ იცი, რომ ეგ უზრდელობაა?
შეურაცხყოფილი მაშინვე ავვარდი სახლში და დედას უბედური თვალებით მივაშტერდი:
_ დე! რა არის ეს?
დედას პასუხი აღარ მახსოვს. ეტყობა იმიტომ რომ არც ისე დამაკმაყოფილა. უბრალოდ მახსოვს რომ მოვიშორე და ისევ იქ, სადაც განისვენებდნენ სალომეს ძვირფასეულობები~ უკან ჩავყარე. მერე გავიგე: ესფლეი ბოის~ სიმბოლო _ კურდღლის თავებიანი საყურეები ყოფილა. ნუ, უზრდელობა იყო აბა რა!
ახლა კი, ალბათ ცოტა დაიბენით, რადგან ვერ გაიგეთ, თუ რა შუაშია სალომეს ბავშვობის ერთ-ერთი სევდიანი ფურცელი და რაღაც საყურეები ცხელი შოკოლადის~ სტატიასთან. კავშირშია და თანაც როგორ პირდაპირში, რომ ვერ წარმოიდგენთ. ეს ჩემი ისტორია მაშინვე გამახსენდა და მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა მომეთხრო, როგორც კი გაირკვა, რომ მაქსიმ მასლაკოვთან შეხვედრა გამოდიოდა. მაქსიმი უკვე 6 წელია, რაც (ისევე ერთგულად, როგორც მე ჩემს საყურეებს ვინახავდი) რუსულიფლეიბოის~ მთავარი რედაქტორია.
დავიწყებ იმით, რომ თქვენ ცდებით! დიახ, ცდებით! თუ ჩემნაირად წარმოგიდგენიათ ფლეიბოი~-ს რედაქცია. როცა შედიხარ, არც მაღალ ქუსლებზე შემდგარი კურდღლის ყურებიანი და არც ვარდისფერ, ფუმფულა კოსტიუმში გამოწყობილიუზრდელი~ სექსი-ქალები გხვდებიან. არა. რედაქცია, როგორც ნებისმიერი სხვა ჟურნალ-გაზეთის რედაქცია, ბევრი მაგიდით და კომპიუტერით, ბევრი თანამშრომლით… და შუშის კედელზე მიმაგრებული პატარა აბრით _ `ფლეიბოი~.
ისე, არც მისი რედაქტორია _ ~არა, არა თქვენ ცდებით~-ისგან გამონაკლისი. მაქსიმი 36 წლის, სიმპათიური, ცისფერთვალება, საკმაოდ მორიდებული მამაკაცია, არანაკლებ სიმპათიური პატარა, ოქროს რგოლის საყურით. ყველაფერზე თავმდაბლად და გულახდილად საუბრობს, სადაც არც ქალებთან ჩადენილი გიჟური ისტორიებია და არც არანაირი იმიჯ P.ღ.-ი. თავისუფალი დროის არქონას უჩივის (ისიც ძაან თუ ჩააცივდები, თორემ ეტყობა, წუწუნი არ უყვარს); მაგრამ აი, თუ დრო იხელთა, ბევრს მოგზაურობს, რაც რეალობისგან სრული მოწყვეტის და განტვირთვის #1 საშუალებაა; ახლახანს ლონდონიდან დაბრუნდა, სადაც 1 (ხაზი მინდა გავუსვა) მეგობარ გოგონასთან ერთად იყო, და… და დანარჩენს თვითონ გიამბობთ:

ა) პირველი კონტაქტი `ფლეიბოისთან~.

_ ეს დიდი ხნის წინ მოხდა. 30 წლის წინ, როცა ექვსი წლის ვიყავი და მშობლებთან ერთად რამდენიმე წელი ნიგერიაში ვცხოვრობდი. მამაჩემი იქ მუშაობდა. ის ამ ჟურნალის აქტიური მკითხველი იყო და ერთხელაც მე ჩამივარდა ხელში.
_ ადრე არ იყო?
_ არა, რას ამბობთ, ზუსტად რომ შესაფერისი ასაკია. ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ არ დამავიწყდება პირველი შთაბეჭდილება… ბევრი მანქანა და ბევრი შიშველი, ლამაზი გოგონა…
_ წარმოიდგენდით, რომ ოდესმე სწორედ ამ ჟურნალის მთავარი რედაქტორი გახდებოდით?
_ ნუ, ადამიანებს, საერთოდ, იშვიათად თუ შეუძლიათ წარმოიდგინონ, რა იქნება მომავალში. მე, ყოველ შემთხვევაში, არაფერს არ ვგეგმავდი. მოხდა ისე, რომ რედაქციაში მიმიწვიეს სამუშაოდ, სადაც საკუთარი ხედვით, საკუთარი კონცეფციით მივედი. თითქმის თვეები მსჯელობდნენ. ბოლოს სცადეს, მიმიშვეს და აი, მგონი, გაამართლა. ერთი საქმეა, რომ ამ ჟურნალს დიდი სახელი აქვს, და სულ სხვაა გაამართლო ეს მოხვეჭილი პოპულარობა. 10 წელი რუსეთის ბაზარზე, ცოტა არაა. ასეთი სტაჟით, მგონი, არც ერთი ჟურნალი… არა, კოსმოპოლიტენია~, ჰო, ჰო,კოსმოპოლიტენია~.
ნიგერიაში გატარებული წლები და მაშინდელ საბჭოთა სივრცეში დისიდენტურად შერაცხულ ჟურნალთან ზიარება ძალზედ შთამბეჭდავი იყო. თუმცა `მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, საბჭოთა აზროვნება ჩემში ღრმად იყო გამჯდარი. ნახატებზე, ძირითადად, პალმებს, პაპუასებს და წინა ფონზე ბევრ ტანკს და თოფებს ვხატავდი. ამ ყველაფერს კი ბებიას ვუგზავნიდი რუსეთში, რომელიც, მგონი, დღესაც ინახავს.~ მაშინ ნორმალურად არც კი იცოდა ინგლისური, და დღემდე ვერ გაუგია, რა ენაზე ესაუბრებოდა იქაურ ბავშვებს.

ბ) წარმატების ფორმულა.

ჩვენი ჟურნალი განსხვავდება სხვა, მამაკაცთა ჟურნალებისგან თუნდაც იმით, რომ აქ ყოველივე კულტურულ ასპექტშია წარმოდგენილი: საინტერესო ინტერვიუებით, მხატვრული გადაღებებით... და არაათი რჩევა, თუ როგორ დავიპყროთ მანდილოსანი~. პირველ რიგში, ფლეიბოი~ _ ეს არის ხარისხი და აქტუალურობა! ის ყოველთვის თანამედროვე, ქალაქელი მამაკაცისთვის იყო განსაზღვრული. არამარტო ჟურნალი შიშველი ნაშებით, არამედ, პირველ რიგში, ეს არის ჟურნალი, რომელიც გკარნახობს სტილს. თუ ადრე ამ ჟურნალის ადგილი ლეიბის ქვეშ იყო და საზღვარზე მისი გადმოტანის უფლება არ გქონდა, დღეს უკვე სამაგიდო ჟურნალი გახდა და ძალიან ბევრ ოჯახში, ჩვეულებრივ, სხვა პრესასთან ერთად დევს. არადა, როცა ვიწყებდით, ბევრი გვემუქრებოდა _ ეს რა უზრდელები და გათახსირებულები ხართო და... კიდევ რა მოთვლის. ეს ყველაფერი საბჭოთა სისტემის გადმონაშთი და ჩვენი გახრწნილი მორალის ბრალი იყო. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველივეს სწორ დაბალანსებას, რადგან არასდროს უნდა დაივიწყო სტილი და გემოვნება. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფოტოა თუ ტექსტი. არსად არ უნდა გაიპაროს უხამსობა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ამდენი წელია ჟურნალს ვაკეთებთ, სულ ვცდილობ მოვიგონო რაღაც ახალი, განსხვავებული, რადგან თვით ეს შემოქმედებითი პროცესი ძალიან საინტერესოა.

გ) რას ნიშნავს ფლეიბოი?

`ამ სიტყვის მნიშვნელობას ზოგი არასწორად იგებს. ჰგონიათ, რომ ეს აუცილებლად მექალთანეს ნიშნავს. არადა, საქმე ასე პრიმიტიულად ნამდვილად არ არის. ეს ისეთი კაცია… რომელიც ქალებს კი არ დასდევს, პირიქით, ქალები ნადირობენ მასზე. მერე ზოგი თვლის, რომ ეს დაკავშირებულია დიდ ფულთან, მაგარ მანქანებთან, დიდ იახტასთან _ ასეც არ არის. მთავარია იყო თანამედროვე, აქტუალური და საინტერესო ტიპი. ყველაფერი ახლის საქმის კურსში, არამარტო მოდის, არა. ლიტერატურის, მუსიკის, კინოსი… და ფანტასტიურია, თუ კიდევ საჭმლის მომზადებაც შეგიძლია. სრულფასოვან თანამედროვე მამაკაცს ხომ კარგი ანეგდოტის მოყოლაც ეხერხება~.
ყველაფერი რაღაც ისე გემრიელად აღწერა, რომ უცებ ჩნდება კითხვა:
_ უკაცრავად, თქვენ? თქვენ ფლეიბოი ხართ?
_ მე ასეთ დიდ ტიტულზე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია. პირველ რიგში, ჟურნალის წარმოებით ვარ დაკავებული და, ასე ვთქვათ, დაზგასთან ვდგავარ.
მოკლედ გაცემულმა პასუხმა რომ არ დამაკმაყოფილა, უფრო ღრმად ჩავეძიე და აი, რა გავიგე:

  1. კულინარიაში ცოტათი ერკვევა; ყოველ შემთხვევაში, რამე რომ იყოს, ცუდ ღვინოს კარგისგან გაარჩევს;
  2. ქალი რომ მოხიბლო, არ არის აუცილებელი, უმაღლესი დონის კულინარ-მზარეული იყო; მთავარი აქ, საკითხისადმი მიდგომა ყოფილა;
  3. ეთანხმება იმას, რასაც ჟურნალი უკვე 10 წელია ქადაგებს: ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება უნდა ვისწავლოთ;
  4. უყვარს სხვადასხვა სტილის მუსიკა: დაწყებული როკიდან, ელექტრო მუსიკით და ჰიპ-ჰოპით დამთავრებული (ოღონდ ისეთი კი არა – უნც, უნც. არა, სერიოზული ელექტრონული მუსიკა);
  5. ფილმებზე ადრე უფრო გიპასუხებდათ, რადგან ამ ბოლო დროს თითქმის საერთოდ ვერ უყურებს. უფრო სწორად, არ უყურებს ტელევიზორს. თუმცა, ერთხანს გიჟდებოდა ბუნუელზე, 70_იანი წლების ამერიკულ კინემატოგრაფზე; დღეს კი დასვენება და განტვირთვა ენატრება, ამიტომ ჰონგ-კონგური ფილმები მოსწონს – კუნგ-ფუზე;
  6. სულ მალე, მეგობრებთან ერთად მთის კურორტზე სნოუბორდით სასრიალოდ მიდის. თან, რაღაც კულტპროგრამაც აქვს დაგეგმილი;
  7. გიჟდება აზიაზე. გარკვეული პერიოდი ინდოეთში ცხოვრობდა. ახალ წელს, ცდილობს, ყოველთვის განსხვავებულ, არასტანდარტულ ადგილას შეხვდეს. მაგალითად, როგორც 2005 წელს – ლიბანში;
  8. მისდევს სპორტს და თვლის, რომ სპორტულ დარბაზში მარტო კუნთების ქნევა მოსაბეზრებელია;
    და, საერთოდ, თვლის, რომ _ მოდაშია, იყო არამოდური!

ახლა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, არის თუ არა ფლეიბოის~ რედაქტორი ფლეიბოი! დ) რას ცვლის ცხოვრებაში ფრაზა _გამარჯობა, მე `ფლეიბოის~ რედაქტორი ვარ!

`ბევრს არაფერს. მაგალითად, კლუბებში მიშვებენ! _ ამაზე კი თვითონ ეცინება. _ არა, სინამდვილეში არ ვცდილობ, რომ საზოგადო ფიგურა ვიყო, როცა უკვე ქუჩაში გცნობენ. ამით ხომ ცხოვრებას ხელოვნურად ირთულებ… ნუ, ხომ გეუბნები, კლუბებში შესვლაში მეხმარება-მეთქი!~
_ ქალებთან?
_ ჰოო, არა. ამასთან დაკავშირებით, პრობლემები არასდროს მქონია. არა, მართლა, მართლა. უბრალოდ, ყველას ჰგონია, და ბევრ კაცს შურს კიდეც ჩემი, რადგან წარმოუდგენიათ, რომ მე იდეალური სამსახური მაქვს: ცხოვრება გლამურის და ლამაზმანების გარემოცვაში. რედაქცია კი _ დიდი ჯაკუზი, ბევრი ქერა ქალით და სიგარებით!~
ისე, ცუდი არ იქნებოდა ასეთი სამსახური! ჰა, რას იტყვით, მამაკაცებო?

ე) ჟურნალის ყველაზე არასტანდარტული ნომერი.

ეს ჯერ კიდევ არტიომ ტროიცკის ხელმძღვანელობის დროს იყო, როდესაც ჟურნალის ფურცლებზე შიშველ, სიტყვა ზრდილობიანად ჯდომის~ ჩარჩოში რომ არ ჯდება, ისეთ პოზებში გამოსახული ეკატერინე II, ნატალია გონჩაროვა და სხვები რომ იხილა საზოგადოებამ.ფოტო შოფში~ კარგად დამუშავებულ ფოტოებს დიდი რეზონანსი მოჰყვა, თუმცა ამგვარი რამის გაკეთებას მაქსიმი არ აპირებს. ~შეიძლება წაითამაშო, მაგრამ ჯერ არა… ისე, მთავარია ირონია! არ უნდა დაივიწყო: ჩვენი ჟურნალის სათაურიც ხომ იგივეს გეუბნებათ _ ითამაშე, გაერთე!~
არასტანდარტული მაინც იყო, როცა რამდენიმე წლის წინ, რედაქცია შეიკრიბა და ოქტომბრის რევოლუციის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, გადაწყდა _ ამ თვის ნომერი რაღაცით განსხვავებული უნდა გამოვიდეს! ~ჩვენ შევეცადეთ წარმოგვედგინა, თუ როგორი იქნებოდა ეს ჟურნალი ბრეჟნევის დროს. მოვაწყვეთ გადაღებები საბჭოთა სტილში, საბჭოელი ფლეიბოებით~ და სპეცგადაღებით _საბჭოთა დიპლომატის ქალიშვილი~! წარმოიდგინეთ, რა გამოვიდოდა. ~თან, ეს მაშინ, როცა თემა – საბჭოეთი არც ისე პოპულარულ-ნოსტალგიური იყო. თორემ ახლა ყველა ამ თემას უწევს ექსპლუატაციას და აღარც ისე აქტუალურია.

ვ) საბჭოეთი? ფლეიბოი? `ჩვენთან, საბჭოთა კავშირში ხომ სექსი არ არის?~

ეს საწყალი ქალი, ნუ იტყვი და, ისტორიაში შევიდა. დღეს სექსთან კი ყველაფერი ნორმალურად არის, მაგრამ თვითონ საზოგადოება ორმაგი სტანდარტებით თამაშობს და ეს საზიზღრობაა. ფარისევლობა, პურიტანობა. არადა, ისეთ სახეებს იღებენ, თითქოს ყველაფერი მშვენივრად არის. საწყალი მეძავეები კი, ქუჩაში იყინებიან. არც ლეგალიზებულია და არც აკრძალული. ამას კი ყველაზე კარგად ისევ თვითონ იყენებენ: კორუფცია, სპეკულაცია. ხალხი კი ამაზე საუბარს გაურბის.~ ალბათ ამიტომ არის, რომ ჟურნალის ყოველ ნიმერში საკმაოდ მწვავე საკითხებზე იმართება ფორუმები და ხალხი ცდილობს, რომ ამა თუ იმ საკითხზე პრესის საშუალებით იმსჯელოს: მარიხუანას ლეგალიზაცია, სექს-ტურიზმი, სმა თუ გამოტყვრომა _რუსულად სმას ვაგრძელებთ თუ ხალხი, ელემენტარულად, ღვინოებში მაინც გაერკვა?!~…

ვ) სამომავლო გეგმები.

გეგმები ბევრია. მით უმეტეს, ამა წლის ივლისში ჟურნალის რუსულ გამოცემას 10 წელი უსრულდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნახევარი რუსეთი აქტიურადაა ჩაბმული წამახალისებელ ვიქტორინებში, რომლის გამარჯვებული, ჟურნალის მირ გამართულ გრანდიოზულ წვეულებაზე, არც მეტი და არც ნაკლები, ლიმუნიზით და მაგარ-მაგარი ქალებით მისრიალდება. გარდა ამისა, შეიქმნება საინტერესო მხატვართა ნამუშევრები, თემაზე _ ფლეიბოი~; 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებულ საუკეთესო პროზაულ ნაწარმოებთა კრებული გამოვა (სხვათა შორის, სწორედ აქ აქვეყნებდნენ თავიანთ პირველ ნამუშევრებს მწერლები: სოროკინი და პელევინი); მოეწყობა გამოფენა _ფლეიბოის~ საუკეთესო გოგონები, რომლის ხილვაც არამარტო მოსკოველებს, არამედ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებთაც შეეძლებათ _ ~ეს ყველაფერი ძალიან მასშტაბური იქნება. ამ პროგრამით რამდენიმე ქალაქს ვეწვევით~.
ვერაფერს იტყვი, სერიოზული ამბებია.
ჰო, კიდევ, ბაკარდის მიწვევით, პუერტო რიკოში მიდის, _ მაგარი რეპორტაჟი უნდა გავაკეთო, თან ძალიან საინტერესო გადაღებები მექნებაო.

დაბოლოს:

თბილისში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ განვითარებისა და პროგრესისკენ რომ მიდიხართ, ფაქტია. მაგარია! ისე კი არა, როგორც ჩვენთან, სადაც ყველაფერი სრული იზოლაციისკენ მიექანება. ეს ძალიან გამაღიზიანებელია. შეხედეთ ცხოვრებას უფრო მარტივად!
თქვენი მაქსიმ მასლაკოვი

2005.03.28

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s