ერთსაათიანი მოგზაურობა ნანა ჯორჯაძის ბიოგრაფიაში

როგორც კი საუბარი მომავალ გეგმებს შეეხო, მაშინვე მითხრა _ ამაზე არაფერი არ მკითხო, მაინც არ გეტყვიო. ამიტომ, თუ ვინმე ამ მიზნით აპირებს სტატიის წაკითხვას, რჩევა: ტყუილად ნუ გაირჯებით, ამდაგვარს აქ ვერაფერს ნახავთ.

P.S. განსაკუთრებით ცნობისმოყვარეთათვის: ვიცი, რომ რაღაც ხდება.

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

ქართველი კარლსონი
დილა მშვიდობისა!
გათენდა!
პატარა სარკმლიდან შემოჭრილი მზის სხივი უცებ მოეფინება მოცუცქნული ოთახის ყოველ კუთხე-კუნჭულს და…
ვაშა, გათენდა! ახლა თავიდან დავიწყებ დილის რიტუალს, _ გაიფიქრებს თავისთვის პატარა ადამიანი. სასწრაფოდ ჩამოხტება საწოლიდან და ფეხშიშველი, გაჩეჩილი თმებით, ნამძინარევი სახით _ აი ისე, ერთი ხელით თვალებს რომ იფშვნეტ და მეორეთი ჯერ კიდევ იზმორები; ტრუსების და მაისურის ამარა, პირდაპირ სარკმლისკენ იღებს გეზს; სწრაფი მოძრაობით აღებს მასსავით მოცუცქნულ სარკმელს და ჰოპ… ერთი მოქნილი ნახტომი და ის უკვე სახურავზეა. ქვემოთ _ ჭოროხის ქუჩა, თავისი ბევრი, ბევრი მოფუსფუსე მობინადრით; ზემოთ უსაშველოდ დიდი, უსასრულო ცა… შუაში? შუაში თვითონ! _ აუ, რა მაგარია სხვენზე ცხოვრება! _ ალბათ მერამდენედ გაიფიქრებს თავისთვის და ბედნიერი სახით იწყებს დილის საქმიან, ძალიან საქმიან რიტუალს: ხომ უნდა მოინახულოს სახურავზე წყლის ჟოლობთან ობლად ამოსული პატარა ხე?! შეამოწმოს, წესრიგშია თუ არა მერცხლის ბუდეები?! რა იცი, იქნებ სადმე უკვე ბარტყებიც გამოიჩეკა?! ოო, ეს საზიზღარი კატები ხომ… ეე, ეს რა ისმის? ისევ მოვიდნენ მუსიკოსები?! ეს ხომ ერთი პატარა, მოხეტიალე ტრიოა, ცოტაოდენი ფულის შოვნის მიზნით რომ ჩამოუყვებიან ხოლმე ქუჩებს. ფეხშიშველი, სახლის სახურავებზე სწრაფად, ხტუნვა-ხტუნვით მისდევს საყვარელ მუსიკოსებს _ რა კარგად უკრავენ… მერე ჩაქანდება კიბეებზე და… აი, ისინიც: ერთი გიტარით, მეორე ვიოლინოთი და მესამეც აკორდეონით. არ ვიცი, იცოდნენ თუ არა ჭოროხის ქუჩის მუსიკოსებმა, როგორი ერთგული მსმენელი ჰყავდათ სახურავზე, რომელიც მრავალი წლის შემდეგ, როცა გაიზრდება და დიდი გახდება, მათზე ფილმს გადაიღებს ტრიოს~ და ყოველთვის ემახსოვრება _ერთი გიტარით, მეორე ვიოლინოთი და მესამეც აკორდეონით.~
ამის მერე კი, ახალი გართობა იწყება _ მეხანძრეები. სახლთან ახლოს მდებარე სახანძრო, რომელსაც მეგობრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა,~ _ ვგიჟდებოდი მათზე და სულ მინდოდა, მეც მეხანძრე გამოვსულიყავი, მაგარი, ბრჭყვიალა, ვერცხლისფერი ქუდით თავზე!~; მათთან ერთად ხომ ხშირად რეცხავდა დიდ, სახანძრო მანქანებს! სწორედ ამ ნეტარებაში იყო ხოლმე, როცა ბებია გამოჩნდებოდა, და იწყებოდა საშინელება, აბსოლუტური კატასტროფა: ფეხზე ჩაცმა (რაც დაახლოებით სიკვდილის ტოლფასი იყო) და მეორე, კიდევ უარესი _ თმების დავარცხნა! _ ~მთელი ბავშვობა ფეხშიშველა დავრბოდი. ფეხსაცმელს ძალით რომ მაცმევდნენ, ასე მეგონა, ხაფანგში მაყოფინებდნენ ფეხებს! იცით, ეს რა საშინელება იყო?!~ _ განაგრძობს აბსოლუტური აღშფოთებით. ერთხელაც, სახურავზე მორიგი შემოვლის დროს იყო, რომ კატის კლანჭებისგან ცოცხალ-მკვდარი მერცხლის ბარტყი გადაარჩინა და გულის ფანცქალით გააქანა სახლში, შეხტა ფანჯარაში და _ დე, ნახე~. გაზარდა, მოამაგრა, თქვენ წარმოიდგინეთ, ფრენაც კი ასწავლა! აი, ასე უნდაო, უხსნიდა _ დაიჭერდა ფრთებით და აქეთ-იქით აქანავებდა. მოკლედ, მთავარია, ჩიტმა ფრენა ისწავლა, ოღონდ ისე კარგად, რომ ერთ დღესაც ღია სარკმლიდან გაფრინდა და გაფრინდა. მართალი გითხრათ, ალბათ დროც იყო გაფრენის, რადგან როგორც დროთა განმავლობაში გაირკვა, ოჯახის ახალი წევრი სრულებითაც არ იყო მერცხალი _უზარმაზარი ნისკარტით, მტაცებელი გახდა, რომელიც მაგიდაზე იჯდა და სათითაოდ ყველას თეფშზე გვინისკარტებდა. რაღაც უსაშველო იყო. არადა, ამ პატარა ბინაში ვცხოვრობდით მე, ჩემი ძმა, დედა, მამა, ბებია და დეიდა. ბევრია, არა?!~.

ნაძვის ხე ცაში?!
აქ ისე არაფერი ხდებოდა. როგორც ასეთი, სიტყვა _ ყოველდღიურობა, ხომ საერთოდ არ არსებობდა. ხშირ-ხშირად კი დაუჯერებელი, ზღაპრული ამბები ხდებოდა: მაგალითად, როდესაც საზიზღარი ქუნთრუშის გამო, საახალწლო საღამოს ლექსების და სიმღერების შესრულება ჩაეშალა, და სანატრელი კონცერტის მაგივრად, სრულიად იზოლირებული, საწოლში ჩაბუდნული აღმოჩნდა. ალბათ იმასაც კი ფიქრობდა, რომ მასსავით უბედური ადამიანი მთელ დედამიწის ზურგზე არ არსებობდა, როცა უეცრად სარკმლიდან ანთებული ნაძვის ხე დაინახა! ნამდვილი ნაძვის ხე, რომელიც ნელ-ნელა ეშვებოდა ციდან და… მაშინვე აუტანელი სიყვარულით აღივსო საყვარელი თოვლის ბაბუის მიმართ, რომელმაც არ დაივიწყა ქუნთრუშიანი გოგონა და საჩუქარი მოუვლინა ციდან. არა, ამ ასაკში თქვენც ასე იფიქრებდით, რადგან ამის დაჯერება უფრო ადვილი იყო, ვიდრე იმის, რომ დედა და დეიდა თოვლში და ყინვაში სახურავზე იდგნენ და მძიმე ნაძვის ხეს სარკმელთან თოკით უშვებდნენ! ეს ხომ მაშინ აზრადაც არ მოუვიდოდა! (ასე იწერენ ხოლმე ზოგიერთები ცხოვრებაში სხვების მიღწევებს.).
მერე? მერე უსასრულობამდე შეიძლება მოყოლა: ერთი წლის შემდეგ, როგორ დაბრუნდა ის ჩიტი, მერცხალს რომ ჰგავდა. მან ოთახს შემოუფრინა, ეტყობა _ აქა მშვიდობა, გმადლობთ, ფეხზე რომ დამაყენეთ და ფრენაც მასწავლეთო, _ და ისევ გაფრინდა; გულამოსკვნილი როგორ ეძებდა ყოველ აღდგომას კურდღელს, რომელიც და-ძმას სადარბაზოს კარებთან თურმე სააღდგომო კვერცხებს უტოვებდა; როგორ ჯდებოდა და სეირნობდა დედას მოსწავლის (რომლის სახელი ახლაც ახსოვს და დაე, თქვენც იცოდეთ _ მერაბ გაჩეჩილაძე) უშველებელ დოგზე, რომელიც დიდხანს ცხენი ეგონა და _ ~ცხენოსნობით გატაცებაც აი, იმ დოღიდან დაიწყო. მერე მოტოციკლეტი იყო…~
_ თქვენ რა, მოტოციკლეტსაც ატარებდით?
_ რას ამბობ, 6 წელი მოტო-`გონშჩიცა~ ვიყავი, _ გაისმა სრულიად მოულოდნელად.
ჯადოსნური სამყარო და სახურავზე ცხოვრება მაშინ დამთავრდა, როცა ოჯახი მაშინდელი პეკინის ქუჩის ბოლოში, ახლად აშენებულ სახლში დასახლდა. ჩვეულებრივ, როგორც თვითონ ეძახის, 4-კედლიან სახლში აღმოჩნდა, სადაც დასრულდა ტრუსების ამარა სახურავზე სირბილის, მეხანძრეების დიდი მანქანების რეცხვის და მუსიკოსების საოცარი ისტორიები.

არა, ახალგაზრდა ჯორიკა (როგორც მაშინ ეძახდნენ) რომ ნამდვილი ექსტრემალი იყო, _ ფაქტია. უამრავი, დაახლოებით ასე, 9 ტვინის შერყევით… ოღონდ ისე კი არა, ადამიანურად მიღებული შერყევებით, არა! ველოსიპედით ბეტონის ორმოში ჩავარდა; მე-4 სართულიდან ქოლგით გადმოხტა _ ეს ჩემი პარაშუტიაო; სკოლაში, ფიზკულტურის დარბაზში ჰაერში იფრინა და აგურები თავით გაიტანა; მოტოციკლეტით რაღაცეებს შეასკდა…
ეს ისე, ცნობისათვის.

სტუდენტური ამბები
მატარებლის ბორბლები სწრაფად მიგუგუნებს რელსებზე. თან, რაღაც აუტანელად გაჰკივის. კუპეში, არა, უფრო სწორად, კუპეს ზემოთ, სადაც ბარგს დებენ ხოლმე, ორი სტუდენტია გასუსული. ჩუმად! მათ ხომ ბილეთის ფული არ აქვთ, იპარებიან ხოლმე ვაგონებში და ასე ახერხებენ არალეგალურ~ მოგზაურობას. 8 თვე და ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანა! მან და ნესტანმა, სამხატვრო აკადემიიდან ტალინში, არქიტექტურის პრაქტიკები დროზე ადრე დაამთავრეს, და რა უნდა ექნათ?არალეგალური~ მოგზაურობაც დაიწყეს. ოღონდ ისე, რომ მშობლებისთვის არც არაფერი უთქვამთ. თუ დაიჭირეს? დიდი არაფერი, პასპორტიდან რაღაცეებს ამოინიშნავენ და ბედნიერ~ მშობლებს ჯარიმებს უგზავნიან. ეს უკანასკნელნი კი, ლამის ყოველთვე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა წერტილიდან ასეთ ქვითრებს ღებულობდნენ _ ~ასე რომ, ჩვენი მშობლები ამ ჯარიმებით სულ ხვდებოდნენ როდის, სად ვიყავით. მამა სულ მეუბნებოდა _ აი, ამას შევინახავ! და როცა შვილები გეყოლება, ვაჩვენებ, რა მაწანწალა დედა ჰყავდათო! ისე, ამ ქვითრებს დღესაც ვინახავ~. ამ 8 თვეზე რომ ჰკითხოთ, გეტყვით, ეს საუკეთესო პერიოდი იყო, რომლის დროსაც მიღებული შთაბეჭდილებები და მოსმენილი ისტორიები დღესაც ასაზრდოებს _ ~ყველაფერი, რაც ფიზიკურია, კვდება! ეს კი ისაა, რასაც ვერასდროს, ვერსად ვერ დაკარგავ~. მის ოჯახში ხომ ყოველთვის ყველაზე მთავარი _ მოგზაურობები, წიგნები და სამყაროს გაცნობა იყო... სადაც არავინ ზრუნავდა ძვირფას ავეჯზე ან, თუნდაც, ლამაზ ჭურჭელზე! მამა რომანსებს უმღეროდა დედას, ლექსებს უკითხავდა... და უცებ, იცით რა ფრაზას მეუბნება _ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ასეთი მშობლების ოჯახში დავიბადეო!~ ბედნიერია კიდევ იმით, რომ მუშაობისას საშინლად სწყალობს ბედი; რომ ნიჭიერ კომპოზიტორებთან, ოპერატორებთან, მსახიობებთან თანამშრომლობს… მიუხედავად ბევრი სირთულისა, მალევე ივიწყებს წყენას, ამბობს, _ რაც წასაღებია, წყალს მიაქვს… თუმცა, ზოგჯერ მაინც რჩება რაღაც ამბები ფილმის სცენარისთვისო. ჩემი ცხოვრება ხომ ძალიან კოლაჟურია: საინტერესო შეხვედრებით, ადამიანებით, ლამაზი მოგზაურობებით, სახლებით, ეზოებით... მიჭირს კიდეც მისი ქრონოლოგიურად გახსენება. ხან რა ამოტივტივდება, და ხან _ რა.~ ყველაზე ხშირადამოტივტივებაში~ სურნელი ეხმარება: დარიჩინის, ბალახის, ირისის და თქვენ წარმოიდგინეთ, თევზისაც კი, რომელიც სულ იმ საოცარ ვეშაპს ახსენებს, წყლიდან რომ ამოვარდა და თავი მოიკლა; ანდა იმ გასაოცარი ფილოსოფოსი ჩიტს, ლოს ანჯელესში, ოკეანის პირას რომ დგას გაუნძრევლად და წყალს საათობით უყურებს _ ~მე და ჩემი შვილიშვილი ნიკუშაც იქ ყოფნისას სულ ამ საოცარ ჩიტს ვუყურებდით და…~ ჰო, ისე ბებია ნანამ ისე გემრიელად ამიხსნა ნახევრად ეთიოპელი შვილიშვილის ფერი, რომ… _ ~არა, შავი არ არის. ესაა უფრო кофе с молоком~.


რადგან შვილიშვილი ვახსენეთ, გეტყვით, რომ ისინი სულ სამი ჰყავს: ერთი кофе с молоком ნიკუშა და მეორე შვილისგან _ ორი: პოეტი-სიმბოლისტი ალექსანდრე (მართალია, ალექსანდრე 6 თვისაა, მაგრამ ისეთი თვალებით უყურებს ბებიას, რომ არ ვიცი, სად წავიდეო~. თან ამატებს,სულ დელფინივით იცინისო~) და 5 წლის ნანუკა _ `საშინელი ხულიგანი და გადარეული~.
ეტყობა ბებიას ჰგავს.

სიყვარული კუჭის აშლამდე
ყოველთვის ძალიან, ძალიან უნდოდა რეჟისორობა და სწორედ მაშინ, როდესაც მოსკოვში, არქიტექტურის ფაკულტეტის ასპირანტი ხდება, თბილისში სარეჟისორო ფაკულტეტი იხსნება. თენგიზ აბულაძის და ირაკლი კვირიკაძის სახელოსნო. ნანა რჩება და საბუთები შეაქვს. სწავლა ზუსტად პირველ ოქტომბერს იწყება. 27 ოქტომბერს კი ცოლად ირაკლი კვირიკაძეს მიჰყვება. _ რამეს თუ დავგეგმავ, არ გამოდის. ამიტომაა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან სპონტანურად ხდება და არასდროს არაფერს ვგეგმავ. ეტყობა, ღმერთის ხელით ხდება ის, რაც უნდა მოხდეს~. _ შეიძლება ისე შეგიყვარდეს, რომ კუჭი აგეშალოს? _ მახსენდება ფრაზა ფილმიდან27 მოპარული კოცნა~
_ კი. მთელი ცხოვრება სულ ასეთი შეყვარებული ვარ. მახსოვს, 5 წლის ასაკში როგორ შემიყვარდა მეზობელი, 26 წლის მხატვარი; როგორ მეკუმშებოდა გული მის დანახვაზე…~ აი აქ, უკვე კარგად მოშინაურებულს, ჩემი ლამაზი თანაბაღელი მახსენდება და _ ~მე არა. მე ყოველთვის ჩემზე უფროსები მომწონდა. არასდროს ვყოფილვარ თანატოლზე შეყვარებული.~
აქედან კი, ბუნებრივია, საუბარში ახალი პერსონაჟი _ მეუღლე და პედაგოგი ბატონი ირაკლი ჩნდება.
_ `ის ხომ გასაოცარი ადამიანია. თავით ფეხებამდე ხელოვანია, შემოქმედი, გამომგონებელი. არასოდეს არ ყოფილა მეუღლე, ტრადიციული გაგებით… ყოველთვის იცოდა, რომ ჩვენ ერთ სამყაროში ვცხოვრობთ, და ეს იყო ყველაზე მთავარი. ყველაფერი, რაც კინოს ეხება, ჩემი და ირაკლის ცხოვრებაა. ეს ყველაფერში მეხმარება. მართალია, სამუშაოს გამო, ხშირად გვიწევს სხვადასხვა ადგილას ყოფნა და ზოგჯერ თვეობით ვერ ვნახულობთ ერთმანეთს, მაგრამ ეს განშორება იმდენად მნიშვნელოვანია… რადგან მერე იწყება მოლოდინი, სატელეფონო რომანი, ეპისტოლური რომანი. როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ყველაფერი თავიდან იწყება… ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ირაკლი მაჩუქა… და, საერთოდ, მთავარი სიყვარულია! ბევრი სირთულე გვაქვს გამოვლილი, მაგრამ როცა ერთმანეთი გიყვართ, ყველაფერს აიტან, ყველაფერს გაუძლებ.
_ მონტაჟსაც?
_ მონტაჟი?! არა, ეს ჩვენთან პრობლემაა. ირაკლი დიდი ხანია სცენარების წერაზე გადავიდა, მაგრამ მას ედიტინგ დირეცტორ-ს ეძახიან, რადგან სრულიად უიმედო ფილმებიც კი ფეხზე დაუყენებია. ამ საქმის ვირტუოზია. სწორედ ამის გამო გვაქვს სულ ომი; ყოველ კადრზე, ყოველ ეპიზოდზე ისეთი ჩხუბი გვაქვს, რომ გამოეფინება ხოლმე გარეთ მთელი სამონტაჟო და მიდის _ აი, დახოცეს ერთმანეთი; აი, ან ეს გადარჩება, ან ის… მაგრამ, გამთენიისას, როდესაც შინ ვბრუნდებით, ირაკლი ხელს გადამხვევს ხოლმე და მეუბნება _ ~ნანუკა, რა ბედნიერებაა, ამდენი წელია ერთად ვართ, და არცერთი კონფლიქტი არ გვქონია!~ და მართლაც, კონფლიქტი არ გვქონია. თუ ვკლავთ ერთმანეთს, მარტო კადრის გამო: რა სად ჩაჯდება. ასეთია ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა.~


შემოქმედება და მუშაობა _ ყველაფერია. ღამეში 4 საათი თუ გამოიძინა, ესე იგი კარგად ეძინა. წარმოუდგენლად მიაჩნია საწოლში კოტრიალი და საქმის კეთებას დილიდან იწყებს; თუ ფილმზე არ მუშაობს, მაშინ წერს, ან ხატავს ან… ნუ, რაღაცას აკეთებს. ჰო, მაგალითად, სახლებს აპროექტებს! იცოდით? ნანას ხომ არამარტო თბილისში, არამედ საზღვარგარეთაც დაპროექტებული აქვს ვილები, საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, ხელოვნების სახლი… მაგრამ განსაკუთრებით სასიამოვნო პროცესი მაინც მაღაზიის ვიტრინების გაფორმება, ფილმის აფიშების ხატვა, და ინტერიერის მოწყობაა; გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ამერიკაში… ანუ იქ, სადაც იქნება სამუშაო. თავადვე ასე პასუხობს, ძალიან მოკლედ _ ვარ იქ, სადაც სამუშაოაო. ამ ორ პროფესიას ხომ ბევრი რამ აკავშირებს: სივრცის ორგანიზება, მისი მთლიანობაში აღქმა და რაც მთავარია, მშენებლობა! ისე, დღეს განსაკუთრებული წუხილით საუბრობს დღევანდელი თბილისის იერსახეზე და _ ~როგორც ჩვენ ვამაყობდით ჩვენი ქალაქით, ჩვენმა შვილებმაც ხომ უნდა იამაყონ?! როდემდე შეიძლება, უსახური მშენებლობებისთვის არ არსებობდეს წითელი ზღვარი?!
P.შ. გადასაღებ მოედანზე ახალი ტანსაცმლის ჩაცმა არ უყვარს და, ძირითადად, ბებიის ფეხსაცმელებით, ან ბაბუის ჟილეტით, ან დედის კაბით მიდის. მათ ენერგიას ვგრძნობო, _ ამბობს.

ცუდი რაღაცეები საბჭოთა კავშირზე
ყველაზე რთული ალბათ მაშინ იყო, როცა იწყებდა. როცა უსამართლოდ იხურებოდა ფილმები, ირეცხებოდა ფირები. მართალია, ნანა ყველაფერი ცუდის და უსიამოვნოს გახსენების შემდეგ სულ იმეორებს _ ეჰ, რაც იყო, იყო~... მაგრამ ერთხელ ისე გააბრაზეს, რომ წლების მერეც დეტალურად ახსოვს მოსკოვის ცენტრალური ტელევიზია და მისი ისტერიული კივილი, ფაშისტებო, ფაშისტებოო. ეს იყო დრო, როცა მთლიანად დაუბნელდა გონება, თავი ვეღარ შეიკავა და საკუთარ თავს ისეთი რაღაცეების თქმის უფლება მისცა, რასაც სხვა დროს არ ვიზამდიო; როდესაც დიდი ხნის და საკმაოდ მძიმე გადაღებების შემდეგ, ფილმიდამეხმარეთ იალბუზზე ასვლაში~ შეიქმნა. მოსკოვის ცენტრალურმა ტელევიზიამ კი, ზუსტად ერთ ღამეში ფილმი შეასწორა~; ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმი მოკლემეტრაჟიანი გახდა და მთელი 40 წუთი გაქრა. გადააკეთეს ფინალი, დაადეს ახალი ხმები და მერე ამაყად მოუთათუნეს მხარზე _ აი, ჩვენც დაგეხმარეთ იალბუზზე ასვლაშიო.აი, აქ კი გადამეკეტა! რას ვეძახდი და რას ვყვიროდი, აღარ მახსოვს. თქვე, ფაშისტებო! ვყვიროდი ცუდ რაღაცეებს საბჭოთა კავშირზე, რომ ის დალპება და ჭაობში ჩაიძირება… და თან მახსოვს, ჩვენი საწყალი, უბედური მთავარი რედაქტორი, რომელიც თან მიმათრევდა და თან _ ნანა გაჩერდი! ნანა დაგვღუპავ! ნანა, დაგვიჭერენ! ნანა!...~ მართალია, არავინ დაუჭერიათ, მაგრამ ფილმი ისე გაქრა, როგორც ქრებოდა ხოლმე ფირები. რა ბედი ეწია? ჩარეცხეს ან ვერცხლად გადაადნეს. უბრალოდ, მოპარვა, დიახ, მოპარვა ვერ მოასწრეს, თორემ... იქნებ გადარჩენილიყო ისევე, როგორც ირაკლი კვირიკაძისმოცურავე~. ვინ იცის?!
ჰო, მოცურავეზე~ გამახსენდა. ამ ისტორიას ნანა ძალიან უწესო ამბავს უწოდებს. მას შემდეგ, რაც რეჟისორი ირაკლი კვირკაძე საგრძნობლად შეუზღუდა მთავრობამ გადაღებები, იგი ხშირად სტუმრობდა ყაზახეთს, ადგილს, სადაც მეტ-ნაკლებად პოულობდა თავისუფლებას და სამუშაო პირობებს. ეს ჩვენი ამბავი კი ყაზახეთის სოფელ კარაოიში ხდება _ უდაბნოში, რომლის სახელიც თარგმანში _ შავი ჯურღმული, ასი პროცენტით ამართლებს სახელს; სადაც, წყლის უქონლობის გამო, დაბანის ერთობ ველური მეთოდი არსებობდა: გარკვეული დროით წვებოდი ქვიშაში, იქიდან ამოსული კი მოწებებულ ქვიშას მთელი ძალღონით ზედ იხეხავდი და... საქმეც გაკეთებული იყო. ახლა ამის მკითხველი, იმასაც მიხვდებით, რომ არც დანარჩენ საქმეებში იყო დიდი კომფორტი და ნეტარება. ჰოდა, (დიდი ბოდიში ასეთი დაკონკრეტებისთვის, მაგრამ საქმე მოითხოვს) არც საჭირო ოთახში შესული განებივრდებოდით საჭირო ქაღალდით. ამიტომ გადაწყვეტილება, უმალ მიიღეს. გამოყენებულ იქნას ერთადერთი ქაღალდი, რომელიც მთელ დასახლებაში არსებობდა _ ირაკლის სცენარი. ასეც მოხდა. იკითხავთ, და რა არის აქ საინტერესოო? საინტერესო კი მაშინ დაიწყო, როდესაც სოფელში, უბრალო გაზეთში შეფუთული ამანათი გამოიგზავნა. ამანათმა დანიშნულების ადგილს მიაღწია ისევე, როგორც გაზეთმა _ საჭირო ოთახს. ამ ამბიდან არც ისე დიდი დრო იყო გასული, რომ საჭირო ოთახიდან ირაკლის ხმა გაისმა _ნანა!!!~… მოხეულ გაზეთზე ეწერა: სან_რემოს კინოფესტივალის გრან_პრი გადაეცა ირაკლი კვირიკაძეს, ფილმისათვისმოცურავე~. როგორია?

სიზმარია?
გადავსებული დარბაზი; ათასი ბრჭყვიალა ძვირფასი თვლები, თვალისმომჭრელი ლამაზი ქალები… ყველა რა ნაცნობია!… ისინი ხომ არაერთხელ უნახავს ეკრანზე… სიზმარია? ალბათ. სიზმრის ნაწილია სცენაზე გამარჯვებულის დასასახელებლად ასული ივ მონტანიცა და კაროლ ბუკეც; საერთოდ, ყველაფერი სიზმარია… ეჩვენება, თუ რა არის?! მისი გვარი თითქოს რამდენჯერმე დაიწერა… ბოლოს ვიღაცამ ხელიც კი ჰკრა _ მიდი, გადი დროზეო და მიხვდა, რომ რაღაც ხდება… სცენაზე გაბრუებული ავიდა, საუკეთესო დებიუტისთვის ოქროს კამერა~ და კონვერტი გადასცეს... რაღაც თქვა... შემობრუნდა და უკან წამოვიდა. გილოცავთ! _ ისმის რუსულად და კულისებში ჩასაფრებული ძვირფასიგოს.კინოელი~ კაცი ელვის სისწრაფით ართმევს კონვერტს… რატომ? უცებ ვერ მიხვდა. თურმე იქ, ძალიან დიდი თანხა იდო~. კანის კინოფესტივალის წარმომადგენლის დაჟინებული მოთხოვნა რომ არა, ეს ფილმი (რობინზონიადა~) არათუ ფესტივალზე, გოს.კინოს~ დამტვერილ თაროზე აღმოჩნდებოდა. აქაც მოხდა ის, რასაც ნანა ბედის წყალობას უწოდებს: ფილმს ბიძიები უყურებდნენ და ამბობდნენ _ ამას აუცილებლად დავხურავთო. ამ დროს, უკანა რიგებიდან დარბაზში შემთხვევით შემოსული ფრანგი მამაკაცი წამოხტა, მე კანის კინოფესტივალის ამომრჩეველი ვარ, მომეცით, ეს ფილმი ფესტივალზე მიმაქვსო; _ მოიცა, რას ამბობთ, ეს ჯერ კიდევ დაუმთავრებელია და თან რეჟისორიც სასტიკი წინააღმდეგიაო, _ ბიძიები არ დაიბნენ. თქვენ თანახმა ხართ? _ ფრანგმა უცებ ნანას გახედა. მეე?... დიახ. დამიჯერეთ, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ სად ხარ. კანში, გაგანია ფესტივალის დროს, გაბრდღვიალებულ ჯადოსნურ სამყაროში, თბილისში, სასურსათო მაღაზიაში თუ... თუ სადმე. ყველგან საჭიროა _ რა? ფული. საზიზღარი, აუტანელი, აუცილებელი ფული. ჩვენიგოს.კინო~ კი რა თანხის მომცემი იყო, როცა დღედაღამ იქით წართმევაზე ფიქრობდა. ამიტომ იყო, რომ ნანა კანის მშვენიერ ქუჩებში დაბორიალობდა და იცოდა, რომ როგორც არ უნდა მოესურვებინა, მაინც ვერაფერს იყიდდა. მაგრამ როცა პატარა, კინო ხლაპუშკის~ ფორმის გულსაბნევი დაინახა, ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებული ფილმის და ავტორის სახელით _ ”ღობინზონიადა, Nანა Dჯორდჯადზე” _ თან, სულ რაღაც საზიზღარ 40 ფრანკად?! მაშინ?! რა დაავიწყებს ნიკიტა მიხალკოვს, რომელიც მფარველ ანგელოზად მოევლინა. ჯერ იყო და სანატრელი გულსაბნევი უყიდა. მერე შერემეტიევოს აეროპორტში ისეთი სკანდალი მოაწყო, რომ... იცით, რატომ? წარმოიდგინეთ, ჩამოდიან მოსკოვში და სად არისრობინზონიადას~ `ოქროს კამერა~?! მოიპარეს! _ “Подонки! Сволочи! Узнаю запах отечества!” _ ღრიალებდა ნიკიტა აეროპორტში და… დაახლოებით 4-5 საათში, პრიზი უკან მოუტანეს. ნუ, ერთადერთი ის იყო, რომ ობიექტივი აღარ იყო ზედ, მოიპარეს. დიდი და ძვირფასი ყოფილა. ღმერთო, ობიექტივს ვინ სჩიოდა, პრიზის ნაწილი ხომ მაინც ერგო?!

ბევრი, ბევრი საინტერესო რამ
ეს ყველაფერი არა უშავს, რადგან მერე ნანას ცხოვრებაში უამრავი საინტერესო ადამიანი იყო. ოსკარის~ ნომინაცია... მოგვიანებით, კანის ჟიურიში ყოფნისას, დახურულ ტერიტორიაზე გამოკეტილი მსოფლიო კინოს ვარსკვლავები. კენჭისყრის დღეს, ზეწოლა არავისზე რომ არ მომხდარიყო, ~რა უნდა გვეკეთებინა მთელი დღე, დავბოდიალობდით მშვენიერ ბუნებაში და მზეს ვეფიცხებოდით~. სრულიად სპონტანურად, მაგიდასთან დაწყებული ახალი საინტერესო პროექტი, სადაც ჟერარ დეპარდიე რასპუტინს განასახიერებდა, ფილმს გენიალური გოდარის მემონტაჟე დაამონტაჟებდა, ოპერატორი თავად კარლო დი პალმა იქნებოდა... ყველაფერი მზად იყო _ მოლაპარაკებები, ჩანახატები. მუშაობა უნდა დაეწყოთ, პროდიუსერი რომ გარდაიცვალა და მისმა შვილმა რუსეთის მხარესთან საქმის დაჭერაზე უარი განაცხადა. არ გამოვიდა არც მაშინ, როცა მარჩელო მასტროიანი და მარია ტრენტინიანი უნდა გადაეღო... აფხაზეთის ომი დაიწყო და შეშინებული იტალიელები მთავრობამ სასწრაფოდ უკან წაიყვანა. არც მაშინ გამოვიდა რამე, როცა შვილები აფხაზეთში იყვნენ და მას ცნობილმაერის ლინგვისტმა~ მიტინგზე ნაძირალა ნანა ჯორჯაძე უწოდა, რომელსაც თურმე, ვიღაც გომბეშო ცვეტაევაზე უნდა გადაეღო ფილმი.
რა დროს ფილმი იყო? აი, მაშინ კი, მართლა შეეშინდა…
ლარის წითელი ტრუსი და ცაში დაწერილი NANA
აღარ გვინდა ცუდი, და ნანას ბიოგრაფიიდან ერთ, თითქმის დაუჯერებელ და ერთ ძალიან რომანტიულ ამბავს მოგიყვებით. უი, აქ ცაზე ნანა წერია?~ _ ფოტოსურათის თვალიერებისას ვიკითხე. _ჰო, იყო ერთი… მეპრანჭებოდა და… მფრინავი იყო. ჰოდა, იმან დაწერა ცაზე, კანში როცა ვიყავი~ _ ისე, სასხვათაშორისოდ მეუბნება.
რაც შეეხება დაუჯერებელ ამბავს, მისი მოქმედების ადგილი… არა, ამას ჯერ არ გეტყვით, ბოლოში უფრო ეფექტური იქნება.
მოკლედ, ნანას ერთი ძალიან საინტერესო და უცნაური მეგობარი ჰყავს. სახელად ლარის ეძახიან. ის ისეთი მდიდარია, რომ რა გითხრათ? თვითმფრინავიც ჰყავს, ბევრი მაგარი მანქანაც, უიშვიათესი ჯიშის ცხოველებიც, და წითელი ტრუსიც. ოკეანის პირას უზარმაზარი მთა აქვს ნაყიდი, სადაც დატუნტულებს სრულებით შიშველი, ანუ _ რაღაც კარგად ჟღერს _ დედიშობილა; სძინავს ხევთან დაკიდულ საწოლზე, რომელიც სულ ქანაობს; ეტყობა, თმას არ ივარცხნის, ანდა რისთვის უნდა? დაცუნცულებს დიდი, გაჩეჩილი ქერა თმებით; ალბათ ასევე გაჩეჩილი შვილები ჰყავს. ძვირფასი მანქანები კი მთაზე ლაბირინთივით დაკლაკნილ გზებზეა დაყრილი: ზოგან თავის დროზე ბენზინი გათავდა, ზოგან საბურავი დაეშვა… ნუ, კარგი რა?! ხომ არ დაიწყებდა ახლა ან საბურავზე ზრუნვას ან ბენზინის ჩასხმას?! არ სჯობია, ჩიტებს დაუთმოს, რომელთაც მშვენიერი ბუდეები აქვთ შიგნით მოწყობილი?! სჯობია. სანამ ესტუმრებით, კარის ზღურბლზე სტუმრად მისული, ზარს რეკავთ ხოლმე. აქაც ჩერდებით და ასიგნალებთ. ჩვენი ლარი უშველებელი დურბინდით ზემოდან გაკვირდებათ და თუ შენი ნახვის ხასიათზეა, ისტერიულად იწყებს ერთადერთი წითელი ტრუსის ხელით ქნევას _ აქ, ვარ, მოდიო! მერე წითელ ბაირაღს დაუშვებს, ფეხებს გაუყრის და ჰოპ, ტრუსიც ადგილზეა. ხოლო თუ შენი ნახვის გუნებაზე არ არის, არც ტრუსს დაგიქნევს და არც არაფერს. მერე მიდი და ეძებე დახლართულ ბილიკებში, მაინც ვერ იპოვი.
წელიწადში ერთი-ორჯერ ჩაფრინდება ხოლმე ნიუ იორკში, ისიც საშობაოდ, ან საახალწლოდ… ამ სავანეში კი, ათასი სხვადასხვა ჯიშის ცხოველი ბინადრობს. არ გეგონოთ, რომ მთლად ღარიბულად ცხოვრობენ. უძვირფასესი შუშისგან დამზადებული თასებით სვამენ წყალს, შესასვლელს კი მე-16 საუკუნის ვენეციური ჭიშკარი ამშვენებს. ნანა პირველივე დანახვაზე მოეწონა _ ჯერ თმაზე მოჰკიდა ხელი, მერე თავის თმას შეეხო და საჩვენებელი თითები ერთმანეთს გაუსვა, რაც დაახლოებით მაუგლის ტექსტის არ იყოს, ასე იშიფრებოდა _ `მე და შენ ერთი სისხლის ვართ~. მერე მიწიდან სტაფილო ამოგლიჯა და გაუწოდა _ მიდი, ჭამეო. მორჩა. მიიღო.
მაგრამ არ გეგონოთ, რომ ასე სამოთხესავით ტკბილ-სიამობაში ცხოვრობს ლარი თავის ცხოველებთან ერთად. როგორც ყველგან, ცხოვრება ცხოვრებაა, თავისი პრობლემებით და კლასობრივი წინააღმეგობებით:

ლამა და აქლემი
_ საშინელი ტერორისტი, ხულიგანი ლამა ჰყავთ, რომელიც გადაკიდებულია ერთ საწყალ აქლემს და სადაც კი ხელთ ჩაიგდებს, სულ კბენს, წიხლებს ურტყამს და გარბის. ერთხელაც, საწყალი აქლემის შეშინება ისე მოინდომა, რომ გამოვარდნილა და უბედური ცხოველისთვის მთელი ძალით ჩაუცხია ჩლიქები~ – ჰყვება ნანა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ აქლემი მთიდან გადავარდნილა და... ზემოდან დაასკდა მანქანას. წარმოიდგინეთ, მისრიალებ შენთვის ტრასაზე, ღიღინებ კიდეც ნაცნობ მელოდიას და უცებ ციდან მოფრინავს აქლემი?! აქლემი წამებში გადაჰყავთ საავადმყოფოში, ხოლო დაშავებულ მძღოლს ცოტა ხნით ფსიქიატრიულში ათავსებენ _ეს ვერაა, გაიგე? აქლემი დამეცა თავზეო…~ _ დასცინოდნენ ექიმები. ოო, მერე იცით რა მოხდა? სასამართლო გამართეს და… ვინ გაასამართლეს? ლამა! რომელსაც 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სად? ზოოპარკში! ეტყობა, ვადამდელი გასაჩივრების უფლების გარეშე!
_ რა, მართლა? კი, მაგრამ სად ხდება ეს?
_ Los Angeles!!! Hollywood!!!

#6(ივნისი) 2005 წელი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s