ვენდი

ფოტომოთხრობა

ავტორი: დათო ტურაშვილი

ბებიაჩემი მეუბნებოდა, შპიონ ქალებს ერიდეო და ცოლს თუ მოიყვან, აუცილებლად თეთრი უნდა იყოსო. რასაკვირველია, სიტყვა შპიონს და, რასაკვირველია, სიტყვა თეთრს, ცხონებული ბებია სულ სხვა მნიშვნელობით ხმარობდა (ვიდრე დანარჩენი კაცობრიობა), მაგრამ როცა თეთრი ქალი (როგორც იქნა) გავიცანი, ცოლი უკვე მყავდა (მიმოყვანილი) და ბებიაჩემიც გარდაცვლილი იყო. რასაკვირველია გარდა სითეთრისა, ვენდის კიდევ ერთი ხიბლი ჰქონდა _ ის არ იყო შპიონი, მაგრამ ამას, (მოგვიანებით), მერე მივხვდი, თორემ დასაწყისში, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი შპიონი მეგონა.
არადა, პირველი უცხოელი ქალები საქართველოში, მართლა აგენტები იყვნენ და ამერიკელებმაც, სანამ ოფიცერ კაცებს შემოიყვანდნენ ჩვენს ქვეყანაში, ჯერ ქალები გამოუშვეს დასაზვერად და მხოლოდ მერე გაიხსენეს, რომ ჩვენ სულ სხვა დახმარების იმედი გვქონდა მათგან და მხოლოდ სექსი რომ გვდომოდა, რუსეთიდან გამოყოფაზე სიტყვაც არასოდეს დაგვცდებოდა.
სხვათა შორის, 1921 წლის ანექსიამდე, რუსებმაც იგივე გააკეთეს საქართველოში და ოკუპაციის დაწყებამდე, ჯერ ქალები შემოაგზავნეს ჩვენს ქვეყანაში და ქართლის სოფლებში, თურმე, მსხვერპლიც კი მოჰყვა რუსების ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს. ჩანაფიქრი კი, მართლაც, ვერაგული იყო და მიზნად ისახავდა ქართველი კაცების ვერბოვკას~ არავერბალური გზით. რუსების სექსდესანტით სავსე მატარებელი ჩერდებოდა იქ, სადაც ლიანდაგის სიახლოვეს, ქართლელი მშრომელი გლეხკაცობა თოხმომარჯვებული ზრუნავდა უკეთესი მოსავლისათვის და ვაგონებიდან გადმომდგარი შიშველი ქალები კი ომახიანად მოუწოდებდნენ მათ ეროტიული შესვენებისაკენ. ვაგონს ქართულად რონოდი ჰქვია (ნიკო ლორთქიფანიძის ვერსიით), მაგრამ ვის გაახსენდებოდა მაშინ ქართული სიტყვა საერთოდ, რადგან უსიტყვოდაც გასაგები იყო, რას ითხოვდნენ რუსი დედაკაცები ქართველი მამაკაცებისაგან და მათ მიერ იქვე დაყრილ თოხებს უკაკუნებდნენ სწორედ მათი ცოლები რონოდის ჩარაზულ კარებს. ცოლები ითხოვდნენ ამ აღვირახსნილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ქმრებს ემუქრებოდნენ ერობაში ჩივილით. ერობები ერქვათ (მაშინდელ საქართველოში) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და ეს არ იყო უბრალოდ მუქარა. ვისაც წაუკითხავს 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების (იგივე მაშინდელი პარლამენტის) ოქმები, აუცილებლად ემახსოვრება ქართლის რამდენიმე სოფლის მცხოვრებთა ერთობლივი მიმართვა ნოე ჟორდანიასა და მაშინდელი მთავრობისადმი დახმარების თხოვნით. 1920 წელს ქმრებზეკონტროლდაკარგულმა ცოლებმა (ქართლის რამდენიმე სოფლიდან) მართლა თხოვეს საქართველოს ხელისუფლებას იმ მატარებლის გაყვანა, საიდანაც სექსისაგან დამტკბარი ქართველი გლეხკაცობის დახსნა, უკვე შეუძლებელი იყო და დეპუტატმა (მაშინ დეპუტატს ხმოსანი ერქვა) რევაზ გაბაშვილმა პატრიოტ ქალებს სიტყვაც შეაწია და მხარიც დაუჭირა. რევაზ გაბაშვილმა, (როგორც ჩანს, კარგად ინფორმირებული იყო), ვრცლად ისაუბრა ამ უცნაური პრობლემის შესახებ და ბოლოს მოწოდებაც კი გააკეთა _ თუ მენშევიკური მთავრობა, რუსი კახპებით სავსე იმ ავადხსენებულ მატარებელს საქართველოდან არ გაიყვანს, ჩვენი გლეხკაცობა სიტკბოს ისე მიეჩვევა, ხვალ რომ რუსები ჯარებს შემოიყვანენ, ქართლელები წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევენ და ქართლელების გარეშე, დამოუკიდებლობის შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდებაო. მსურველი ბევრი იყო (უმრავლესობიდან), მაგრამ ნოე ჟორდანიამ თვითონ უპასუხა რევაზ გაბაშვილს და იგი იყო კატეგორიული: ჯერ ეს ერთი, ლენინი ჩვენი მეგობარიაო, მეორეც _ რუსები შეთანხმებას არ დაარღვევენ და მესამეც _ ჩვენ ხომ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და მოსახლეობის პირად ცხოვრებაში, აბა, როგორ ჩავერევითო... მოკლედ, მენშევიკურმა ხელისუფლებამ რუსეთიდან შემოგზავნილ სექსდივერსანტებს საქართველო არ დაატოვებინა და მაშინ კი ქართველმა ქალებმა (იმ წელს, ბერნარდო ბერტოლუჩი ჯერ დაბადებულიც რომ არ იყო ), ფიწლებით დახოცეს რუსი დედაკაცები და ასე დაიბრუნეს მოღალატე ქმრები. ქართლელი კაცი ცოლს თუ უღალატებს, თორემ სამშობლოსთვის როდის უღალატია და მათ, სხვა ქართველებთან ერთად, მონდომებით იბრძოლეს კიდეც, მაგრამ მაშინ რუსეთის არმია ისეთი ძალა იყო, რომელიც არა მხოლოდ აღმართს ხნავდა... ამერიკელებმაც, საქართველოში შემოსვლა რომ გადაწყვიტეს, ჯერ ქალები გამოაგზავნეს და ალბათ ეს ილეთი ( ჩვენი სისუსტეების გამოყენების მიზნით), რუსებისგან ისწავლეს. (სხვათა შორის, ამერიკელებმა ჯერ ის ქართველი აგენტები გადაიბირეს, რომლებიც მანამდე რუსეთზე მუშაობდნენ და დასაწყისში ეს პოლიტიკა საკმაოდ უცნაურად მეჩვენებოდა. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი ამ უცნაურობის ლოგიკას – ალბათ გაცილებით იოლია იმ ადამიანების გადაბირება, ვინც უკვე (თუნდაც ერთხელ) იყვნენ აგენტები (და თუნდაც ისეთი ქვეყნის, როგორიც რუსეთია)... შეიძლება ასეთი ქართველებისგან გაიგეს კიდეც, თუ როგორი იყო აქილევსის ქართული ქუსლი ან თვითონ (მანამდეც) შეისწავლეს ქართველი კაცის სისუსტეები და ხასიათის თავისებურება. ასე იყო თუ ისე, პირველად ქალები მოვიდნენ.

პირადად, პირველი ამერიკელიც, საქართველოში რომ გავიცანი, ქალი იყო და ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც მე მომადგა, მაგრამ რომ მომადგა ფაქტია და მეც მივადექი. შპიონი რომ იყო, არც ვიცოდი და მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი მქონდა, მაინც არ ვიმჩნევდი, რადგან რაც ჩემგან თავიდანვე სურდა, იმაზე ვერ დამითანხმებდა, როგორც არ უნდა მოენდომებინა და უბრალოდ ვხალისობდი. თუმცა ცეცხლთან ხალისობა რომ არ შეიძლება, აღარც მახსოვდა (ბავშვობის შემდეგ) და ამ ხალისს კინაღამ ვემსხვერპლე კიდეც. ბოლოს ისე გავმწარდი, რომ საქართველოში ჩამოსული ნებისმიერი ამერიკელი, შპიონი მეგონა და მათთან უბრალოდ კონტაქტსაც კი, შეშინებული გავურბოდი. ისეთი შიშები დამჩემდა, რომ სწორედ იმ პერიოდში, ერთ ღვთისნიერ ამერიკელ ქალს, რომელსაც (როგორც მერე გაირკვა), მართლა გულწრფელად სურდა საქართველოს დახმარება, უშნოდ ვეხუმრე და ამერიკელებს კი ( მოგეხსენებათ) იუმორის სპეციფიკური, ჩვენგან განსხვავებული გრძნობა აქვთ. როცა მეოთხედ მკითხა, რით დაგეხმაროთ, რა გაკლიათო (და მე ესეც ჩვეულებრივი შპიონი მეგონა), ვიფიქრე, დამეთხუება-თქო და გავეხუმრე - სახანძრო მანქანებში გვიჭირს და ამ მიმართულებით დაგვეხმარეთ-მეთქი. კი ბატონოო, _ დამემშვიდობა და წავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ დამირეკეს ფოთიდან, _ თქვენს სახელზე ამერიკიდან სახანძრო მანქანა მოვიდა, პორტში დგას და წაიყვანეთო. ის ამერიკელი ქალი, რასაკვირველია, არც გამხსენებია და ვიფიქრე, რომ ფოთელები მასხრად მიგდებდნენ და რასაკვირველია, არ წავედი. ფოთის პორტის ადმინისტრაცია კი ისეთი დაჟინებით ითხოვდა ამერიკული სახანძრო მანქანის წაყვანას, რომ თბილისელ მეხანძრეებს ყველაფერი მოვუყევი და მათაც ციმ-ციმ, სიხარულისგან ხელში ატატებული ჩამოაბრძანეს დედაქალაქში უზარმაზარი, გაპრიალებული ამერიკული სახანძრო მანქანა. მეხანძრეებმა კი მლოცეს, მაგრამ საკუთარ თავზე ძალიან გავბრაზდი, რადგან იმ პატიოსან, ღვთისნიერ ამერიკელ ქალს მადლობაც კი არ ვუთხარი და თანაც ისეთი ნაძირალა ვარ, რომ საქართველოზე გულწრფელად შეყვარებული ასეთი ტკბილი ადამიანი, შპიონი მეგონა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ უარი მეთქვა ეჭვიანობაზე, აგენტების გამოვლენაზე და ერთხელ და საბოლოოდ დამეჯერებინა, რომ ამერიკელებს ქართველებისა და საქართველოს მიმართ ამოძრავებთ მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილური, პატიოსანი და მეგობრული მიზნები და სურვილები.

ასეც მოვიქეცი: დავდიოდი ყველა წვეულებაზე, სადაც ამერიკელები მეპატიჟებოდნენ თბილისში უკვე მრავლადგახსნილ ოფისებში და მიუხედავად იმისა, რომ ცხენივით ფეხზე დგომა და რაღაც სირების ჭამა პატარა სირტაკებით სულ არ მეხალისებოდა, მაინც მონდომებით ვუღიმოდი ამერიკელებს და ჩემს თავსაც ვამხნევებდი, რომ ჩემი სამშობლოს კეთილდღეობისთვის ასეთი უმნიშვნელო მსხვერპლის გაღება (ჩემი მხრიდან), უთუოდ ღირდა. თანაც, მე აღარ ვიყავი ეჭვიანი (ასე გადავწყვიტე) და სინანულსაც კი განვიცდიდი იმ აზრების გამო, რაც ამერიკელებთან დაკავშირებით მანამდე მაწუხებდა. მაგრამ ვწვალობდი მარტო, რადგან ასეთი აღსარებით ვერცერთ მოძღვარს ვერ მივაკითხავდი (აბა, რომელი ქართველი მღვდელი შემინდობდა ამ ცოდვას, რომელ ქართველ მღვდელს ვეტყოდი, _ დამლოცე, მამაო, დღეიდან ამერიკელებს პატივი უნდა ვცე-მეთქი) და ამიტომაც დავრჩი მარტო, სრულიად მარტოდმარტო, საკუთარი სინანულის ამარა... ჰოდა, ვარ ასე ეულად, საკუთარ დარდებში ჩაფლული და მირეკავს ვიღაც ქალი და მეუბნება _ ამერიკელი ჟურნალისტი ვარ, თბილისში იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩვენი გაზეთისთვის რამდენიმე ადამიანს ინტერვიუ უნდა ჩამოვართვა, მათ შორის თქვენც და როდის შევხვდეთო. რადგან ამერიკელებთან შერცხვენილი ვიყავი, ხვალვე-მეთქი ვუთხარი და გაზეთის სახელი ვკითხე. რომ მითხრა, ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ, - გაკვირვებისგან სხაპასხუპით დავემშვიდობე და მეორე დღისთვის შეხვედრაზე შევუთანხმდი. ჩემი გაკვირვება კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბუნებრივი იყო და საფუძვლიანიც _ მთელს მსოფლიოში ასეთი ცნობილი, მრავალმილიონიანი ტირაჟის მქონე გაზეთის დაინტერესება ჩემი უბადრუკი არსებით, მართლა გასაკვირი იყო და მეორე დღეს, სანამ საუბარს დავიწყებდი, იმ ამერიკელ ქალბატონს სწორედ ეს მოვახსენე. როგორ გეკადრებათო, ჩვენ გვაინტერესებს, რას ფიქრობს ახალგაზრდა ქართველი მწერალი ყველაფერი იმის შესახებ, რასაც ახლა შეგეკითხებითო. მე ვუთხარი (ნამდვილად, გულწრფელად) _ ახალგაზრდა უკვე აღარ ვარ და მწერალი კი ჯერ არ გავმხდარვარ, მიუხედავად იმისა, რომ წიგნებს ვწერ-მეთქი, მაგრამ ჩათვალა, რომ თავმდაბლობის გამო ვლაყბობდი ამდენს და გამიღიმა. მეც გავუღიმე და გისმენთ-მეთქი, რადგან მწარე სახანძრო გამოცდილება გამახსენდა (ამერიკული დარდისა) და აღარ გავაგრძელე. მე კი გავჩერდი, მაგრამ მან დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო - ყველაფერი მკითხა, რაც შეიძლება ადამიანს ჰკითხო, თუ არ გეზარება და ბოლოს, 1924 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი ბებიაჩემის შეყვარებულის ამბავიც რომ მომაყოლა, უკვე მართლა დაღლილი ვიყავი. თვითონაც შემატყო, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, თანაც უკვე ყველაფერი იცოდა ჩემს შესახებ და როგორც იქნა, დაამთავრა. სულ ბოლოს კი, ბარემ სურათებსაც გადაგიღებო, ფოტოაპარატი ამოიღო, დააწკაპუნა და ღიმილით დამემშვიდობა. როდის იქნება-მეთქი. მალე იქნება, შეგატყობინებთო, - და ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით დავშორდით. წამოვედი დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი და ერთი კვირა ველოდი ამერიკელი ჟურნალისტის ზარს, თუმცა ამაოდ. ერთი კვირის თავზე ჩემს მეგობარს დავურეკე ამერიკაში და ვთხოვე, ყურადღებით ყოფილიყო - ამ დღეებში, ამა და ამ გაზეთში ჩემთან ინტერვიუ უნდა იყოს, ის ნომერი იყიდე და შემინახე-მეთქი. როგორ მოვძებნო შენი ინტერვიუ ამხელა გაზეთშიო, - გაიკვირვა. რა უნდა ჩემი ინტერვიუს მოძებნას, - მე უფრო მეტად გავიკვირვე. - გადაფურცლავ გაზეთს და სადაც ჩემს ფოტოს დაინახავ, ჩემი ინტერვიუც იქ იქნება-მეთქი. ფოტოც გადაგიღოო? - კი-მეთქი. ტელეფონში ხმამაღლა გაეცინა - ეგ გაზეთი მთელს მსოფლიოში იმით არის ცნობილი, რომ ფოტოებს საერთოდ არ ბეჭდავენო. როგორ-მეთქი? - ჭრელადო. აბა, ერთი გაიხსენე, როგორი ფოტოები გადაგიღო და რამდენიო და მართლა გავიხსენე ის, რისთვისაც მაშინ არ მიმიქცევია ყურადღება და რამდენიმე წამი, უბრალოდ, ვდუმდი. ჩემს მეგობარს კი (რომ აღარ მომეშვა), ტელეფონში ვუთხარი, როგორც იყო ყველაფერი და როცა ვყვებოდი, მახსოვს, როგორ დამისველდა შუბლი და ნიკაპი.

მაშინ, როცა იმ ამერიკელმა ქალბატონმა ფოტოაპარატი ამოაძვრინა ჩანთიდან, დააწკაპუნა და გადამიღო, მეორე ფოტოს გადაღებისას, ცოტა უხერხულად კი მთხოვა, ახლა თავი გვერდზე მიაბრუნეო და მეც ისეთი ხალისით მივაბრუნე პროფილისკენ, რომ მაშინ აზრადაც არ მომსვლია რაიმე მზაკვრობა მისი მხრიდან და მერე კი ზუსტად აღვიდგინე, რომ ზუსტად ორი ფოტო გადამიღო. მაშინ არც იმაზე მიფიქრია, რაც ჩემმა მეგობარმა ტელეფონში მითხრა: - ალბათ ვერბოვკისთვის სჭირდებოდათ მონაცემები, მაგის შპიონი დედა მოვტყანო, - და ბოლოს მაინც იხუმრა, - ქუთაისში ხიდი თუ ააშენესო? - და პასუხს აღარ დაელოდა, ისე დაკიდა... რაც მერე დამჩემდა, იმას შიში აღარ ერქვა - სწორედ ისე ვიქცეოდი, როგორც უცხოეთში პირველად წასვლის წინ დავით საყვარელიძე დამოძღვრა მამამისმა, ბატონმა ივიკო საყვარელიძემ: ვთქვათ, მიდიხარ ქუჩაში, ხედავ, შენსკენ მოდის უცხოელი, გადაჭერი ქუჩა და გადადი იქითა ტროტუარზე... ჰოდა, მოვდივარ ერთხელ პეროვსკაიაზე, ვხედავ მოდის აშკარად უცხოელი ქალი, ვხედავ, რომ აშკარად ლამაზია, მაგრამ ვაი და ამერიკელია! _ გადავჭერი ქუჩა და გადავედი მოპირდაპირე მხარეს, იქითა ტროტუარზე. გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და გავჩერდი. ვერ ვიტყვი, რომ გულის კარნახით გავჩერდი, რადგან ასეთ დროს სხეულის სულ სხვა ნაწილებს უფრო ეხერხებათ კარნახი, მაგრამ მაინც გავჩერდი. მოვტრიალდი, მოვიხედე უკან - მიდის ზუსტად ისეთი თეთრი გოგო, ბებიაჩემი რომ ოცნებობდა, (ჩემთვის რომ უნდოდა ცოლად) და მგონი, არც არის ამერიკელი - ასეთი კარგი ტანი ამერიკაში იმდენად იშვიათობაა, რომ როგორც კი წააწყდებიან ვინმეს, მაშინვე ჰოლივუდში მიარბენინებენ და პეროვსკაიაზე სასეირნოდ, ამერიკელი რომ ყოფილიყო, ვინ გამოუშვებდა. სეირნობდა თუ რაღაცას ან ვიღაცას ეძებდა, მაშინ ვერ მივხვდი და ამის გასარკვევად არც მივსულვარ, ვიდექი და უბრალოდ ვუყურებდი - საქმე არაფერი მქონდა, ცოლი უკვე სახლში მყავდა დაბინავებული და აბა, სადღა მეჩქარებოდა. ვიდექი და ვუყურებდი. მეორედ რომ ვნახე ვენდი და გავიცანი, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის ვკითხე, ამერიკელი ხომ არა ხარ-მეთქი და ეტყობა ისეთი შეშინებული სახე მქონდა, რომ არც მიპასუხა, დიდი ბრიტანული პასპორტი ამოიღო და გამომიწოდა. პასპორტს სახელმწიფოს სახელი გარედანაც გარკვევით ეწერა, მაგრამ მაინც გადავშალე, გვარი მაინტერესებდა (მაინც, ყოველი შემთხვევისთვის) და უკან დავუბრუნე. ჩაის სმა რომ დავიწყეთ, მაშინ ვკითხე - საქართველოში რატომ ჩამოხვედი-მეთქი და ჟურნალისტი ვარო. ჟურნალისტის ხსენებაზე, ჩაის ჭიქაში შაქრის მორევისას ჩარჩენილი კოვზი თვალში ვიტაკე და სიმწრისა და შიშისაგან პეროვსკაიადან კოსტავამდე ვირბინე და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის გზაში სავარცხელი ისე გადავაგდე, უკან არ მომიხედავს. კოსტავადან სახლისკენ ტაქსით წავედი და მაკამ მხოლოდ დილით მითხრა, ძალიან ცუდი ფერი გაქვს, ღამითაც რაღაც გაუგებარ, უცნაურ სიტყვებს აბოდებდი და ექიმთან უნდა წაგიყვანოო. ვგიჟდები ექიმებზე, წამლებზე, საავადმყოფოების პიურეზე და სიხარულით წავყევი. ექიმმა რომ მკითხა, რა გჭირსო, დამალვას აზრი არ ჰქონდა (ფაქტიურად, ჩიხში ვიყავი) და პირდაპირ ვუთხარი, ადრე ამერიკელი შპიონები დამდევდნენ, ახლა ინგლისელი აგენტი მომამაგრეს-მეთქი. რასაკვირველია, მაკას უფრო გაოცებული სახე ჰქონდა, ვიდრე იმ ექიმს და იმ ექიმს, მგონი, გაეღიმა კიდეც, მაგრამ თამამად რომ დამამშვიდა, მახსოვს _ ამ წამლებს დალევ დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგო და ხელი ჩამომართვა. უკანა გზაზე, მაკამ კი მკითხა _ ვინ სად მოგიგზავნეს, რაებს ბოდავო, მაგრამ არაფერი მითქვამს. გულს ხომ არ ვატკენდი და ხომ არ ვეტყოდი, პირიქით იყო _ ერთი ინგლისელი გოგო მომეწონა და პეროვსკაიას დასაწყისში დავინახე და ქუჩის ბოლომდე მე ვდიე-მეთქი. წამალმა მიშველა. სამჯერ დალევას ვერ ვახერხებდი, ძირითადად, ორჯერ მაჭმევდნენ დღეში და, შესაბამისად, ორჯერ ვიღებდი წამალსაც, მაგრამ მაინც მიშველა. ერთი თვის შემდეგ, როცა ვენდი მესამედ ვნახე, უკვე აღარ მეჩვენებოდა, რომ შპიონი იყო; მითუმეტეს, რომ ჩემს მიმართ არანაირი დაინტერესება არ გამოუმჟღავნებია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი ინტერესი საერთოდ არ ჰქონია. ჰქონდა ინტერესი სხვების მიმართ და რამდენჯერმე ერთ ახალგაზრდა ქართველ კაცთან ერთად შემხვდა კიდეც ეგრეთ წოდებულ თბილისურ ტუსოვკებზე, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ გათხოვდა. ალბათ იმიტომ, რომ ვენდი რომ ეძებდა, ისეთი კაცი ჩვენს ქვეყანაში არ აღმოჩნდა, ან ვინც მას შეუყვარდა, იმან უბრალოდ ჩაიჯვა, (როგორც ხდება ხოლმე კაცებში), მაგრამ არც იმათ გაემტყუნებათ, რადგან ვენდის მსგავსი ნონკონფორმისტი ქალი, პირადად, მართლა არ შემხვედრია და როგორც წესი, ასეთი ქალების ყველაზე გაბედულ კაცებსაც კი საკმაოდ ეშინიათ. თვითონ ვენდის კი, ყველაზე მეტად ეშინოდა საქართველოს დაკარგვის და თავისინივით~ მთელს საქართველოში დაუსრულებლად დახეტიალობდა, რადგან მართლა ფიქრობდა, რომ ჩვენ დავკარგავდით მთავარს, რის გამოც მას უყვარდა ეს ქვეყანა და ეს ხალხი და მერე, როცა დავმეგობრდით, ხშირად იმეორებდა ამ ფრაზას _ დარჩით ისეთები, როგორებიც ხართ, არ შეიცვალოთ და ბოლომდე შეინარჩუნეთ ის, რაც სხვებისგან გამოგარჩევთო…


ალბათ ვენდი ხედავდა ისეთ საქართველოს, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და როგორც ნიჭიერ უცხოელებს ჩვენს ქვეყანაში ხშირად ემართებათ, ვენდიც მწერალი გახდა. მწერალი გახდა აქ, საქართველოში, როგორც სხვები (დანარჩენები), ვინც აქ ჩამოვიდა ოცი, ან ათი, ან თუნდაც, ერთი საუკუნის წინ, მაგრამ ვენდიმ დაწერა საკმაოდ განსხვავებული წიგნი იმისგან, რასაც უცხოელმა ავტორებმა საქართველოს შესახებ შეგვაჩვიეს და ვფიქრობ, რომ ზემოთქმულის მთავარი მიზეზი მისი გულწრფელობა იყო. მას სურდა, რომ ჩვენც ისეთი გულწრფელები ვყოფილიყავით, როგორი გულწრფელიც თვითონ იყო. და მას უნდოდა, რომ ჩვენც შიშველი ვნებებით გვეცხოვრა ბოლომდე, მანამდე, სანამ ეს ქვეყანა საერთოდ იარსებებდა ამ დაღლილ დედამიწაზე და თვითონ იმდენად სძულდა ყველაფერი ზედმეტი (და ვინ იცის, კიდევ რამდენი მიზეზის გამო), ერთხელ სრულიად შიშველი გავიდა აივანზე და ეს ალბათ პროტესტიც იყო (როგორც მერე თვითონ მითხრა) და ალბათ მოწოდებაც, მაგრამ ვენდის მეზობლებმა ყველაფერი, რა თქმა უნდა, სხვაგვარად გაიგეს.
დამირეკა და მითხრა, _ მოდი, მიშველე, ვიღაც ქართველი კაცები კარზე მიკაკუნებენ და ვერ მაგებინებენ რა უნდათო. მივედი და ყოველ ოც წუთში ერთხელ, ვიღაც უცნობი კაცები მართლა უკაკუნებდნენ კარზე, მაგრამ ჩემს დანახვაზე რაღაც შუალედური, შეცბუნებასა და გაკვირვებას შორის, სახეებზე ეხატებოდათ და მიდიოდნენ. საღამოსკენ ამ დამუნჯებული კაცების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, მაგრამ ყოველი სტუმრის წასვლის შემდეგ, მართლა გულწრფელად ვეკითხებოდი ვინ არიან და რა უნდათ-მეთქი. რა უნდათ, არ ვიცი, მაგრამ მგონი ჩემი მეზობლები არიანო და მხოლოდ საღამოს მითხრა, რომ დილით ადგა და როგორც ეძინა (დეტალები არ დაუზუსტებია), ასევე (შიშველ მდგომარეობაში) გავიდა აივანზე. შიგნით რომ შემოვედი, პირველივე მსურველმა მაშინვე დააკაკუნა, მაგრამ რა უნდოდა, ვერ გავიგეო. მერე მე მკითხა, _ შენ ხომ არ იცი, რა უნდათ ამ კაცებსო. არამეთქი. მერე მხრები აიჩეჩა და მკითხა, შენ რა გინდაო. მე არაფერი მინდოდა ვენდისგან. უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან მიყვარდა. ჭჰატ ყოუ მეან ლოვე? _ ზუსტად ასე მკითხა და მე, რა თქმა უნდა, ვერ ავხსენი, რას ნიშნავდა სიყვარული და, უბრალოდ, ისევ გავუმეორე, რომ ის ძალიან მიყვარდა. კარგა ხანს ჩუმად იყო, მერე გაიხსენა, რომ ცოლი მყავდა, მაგრამ მე ავუხსენი, რომ ვენდი მიყვარდა, როგორც მეგობარი და ადამიანი. გაიღიმა და მოკლედ მიპასუხა:
_ Fუცკ ყოუ…
თავი იმით დავიმშვიდე, რომ არა მხოლოდ მე მაგინებდა _ საერთოდ, კაცთა მოდგმას და შენი სურათი მაჩუქე-მეთქი, _ ვთხოვე. მომცა ჯიბის კალენდარი, რომლის უკანა მხარეს იყო ჰაიბერის სტადიონზე გადაღებული ფოტო _ `არსენალის~ ორმოცი ათასი გულშემატკივარი ერთად, დასავლეთ ტრიბუნაზე. ფოტო იმდენად პატარა იყო, რომ ადამიანები მხოლოდ წერტილებად ჩანდნენ. შენ რომელი ხარ-მეთქი და რომელიღაც წერტილს თავისი ლამაზი თითი დაადო _ აი, ეს მე ვარო. რა იცი-მეთქი და აბონემენტი მაქვს, მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ადგილას ვზივარ, როგორ შემეშლებაო. სხვა სურათს ხომ არ მომცემმეთქი, და არა მაქვსო.
სახლში რომ მივედი, დამირეკა, _ დამავიწყდა მეთქვა, აფხაზეთში მივდივარ და რა ჩამოგიტანოო. არ ვიცი-მეთქი.
_ ყველაზე მეტად რა გენატრება?
_ სუნი…
_ რა სუნი?
_ აფხაზეთის სუნი…
კარგიო და მეორე დღეს წავიდა. ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა, მგონი, უფრო ლამაზი, ვიდრე იყო და ქვა ჩამომიტანა _ სოხუმიდან წამოგიღე, ზღვის პირას ვიდექი და გამახსენდიო. ჩვეულებრივი ქვა იყო, მაგრამ სუნი მართლაც ისეთი ჰქონდა, როგორიც ბავშვობიდან მახსოვდა, როცა აფხაზეთში ჩავდიოდით ხოლმე და მერე ეს სუნი, თბილისში მესიზმრებოდა კიდეც, სანამ ისევ არ მოვიდოდა ზაფხული და სანამ ისევ არ შემოვარდებოდა მატარებლის ღია ფანჯრიდან აფხაზეთის ზღვა…
ფეხის წვერებზე ავიწიე და ვენდის მადლობის ნიშნად ვაკოცე. მასაც აფხაზეთის სუნი ჰქონდა, ზუსტად ისეთი, როგორიც მხოლოდ აფხაზეთის ზღვას შეიძლება ჰქონდეს და მე ძალიან მომინდა ამ ზღვაში შესვლა და კიდევ ერთხელ ავიწიე და ვაკოცე ვენდის, მერე კიდევ ერთხელ და როცა აფხაზეთის დაბრუნება უკვე ძალიან ახლოს იყო, მან მითხრა სწორედ ის, რასაც ჩვენ ერთმანეთს ვუმალავთ:
_ აფხაზეთს მანამ ვერ დაიბრუნებთ, სანამ აფხაზეთი თქვენთვის მხოლოდ კურორტიაო. სამშობლოა-მეთქი. არაო, სამშობლოში დასასვენებლად არ დადიანო, _ და ვეღარ გადავათქმევინე. გაბრაზდა ბავშვივით და წავიდა.
ჯერ ავღანეთში წავიდა, თითქმის ერთი წელი იქ იყო და წერილებს არ მწერდა. არ მპასუხობდა შეკითხვაზე _ ავღანეთში რას ეძებ-მეთქი და მერე ერაყში წავიდა. თავგადასავალს არ ეძებდა _ ეძებდა რაღაც სხვას. მერე გათხოვდა, სხვებისგან გავიგე აქ, თბილისში და მივწერე _ მილოცვა მინდოდა. არ მიპასუხა. მერე ერაყში ომი დაიწყო და ისიც კი ვიფიქრე _ ალბათ ამერიკელებს, ერაყელ ქმართან ერთად, პარტიზანულად ებრძვის-მეთქი. აქ, საქართველოში რომ გათხოვილიყო, ალბათ რუსების წინააღმდეგ იბრძოლებდა, ზუსტად არ ვიცი.
მენატრება ხოლმე,
აფხაზეთივით…

#6(ივნისი) 2005 წელი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s